საწვავის ბაზრის მონაწილეებმა რუსეთის ვიცე-პრემიერს ალექსანდრ ნოვაკს სთხოვეს, არ მოხსნას ვადაზე ადრე ბენზინის ექსპორტის აკრძალვა.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წერილს ხელს აწერენ: რუსეთის საწვავის კავშირი, „სასაქონლო ბაზრის მონაწილეთა ასოციაცია“, „სასაქონლო ბროკერთა ასოციაცია“.
საქმე ის არის, რომ არსებობდა დოკუმენტი,რომელიც რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ იყო მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე ემბარგოს მოხსნის შესახებ და ის, იუსტიციის სამინისტროს დასამტკიცებლად გადაეგზავნა. ძალაში კი გამოქვეყნებისთანავე, ანუ მიმდინარე კვირაში უნდა შესულიყო.
„ამჟამად შეინიშნება ბენზინის ფასების მუდმივი ზრდა, რაც მიუთითებს საბირჟო ვაჭრობის დროს მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსზე, რაც გამოწვეულია შიდა ბაზარზე საქონლის არასაკმარისი მოცულობით“, - ნათქვამია წერილში.
ბაზრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ თუ საბითუმო ვაჭრობაში საწვავის ფასი წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა, მაშინ საცალო ვაჭრობაში - 7,5%-ით გაიზრდება.
„ამავდროულად, ბენზინის საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის მინიმალური რენტაბელობის უზრუნველსაყოფად, ამ წლის წინა პერიოდებიდან მიღებული ზარალის დაფარვისა და მომავალ წელს აქციზისა და ტარიფების დაგეგმილი ზრდის ნეგატიური ეფექტების გასანეიტრალებლად აუცილებელია საბითუმო შეთავაზებების მნიშვნელოვანი შემცირება“, - ნათქვამია წერილში.
ცნობისთვის, ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა რუსეთმა თავდაპირველად 2024 წლის 1 მარტს აამოქმედა, რის შემდეგაც, დროებით სამჯერ მოხსნა და ისევ დააწესა. ამ ეტაპზე, ექსპორტის აკრძალვა 2024 წლის 31 დეკემბრამდეა დაწესებული.