მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის საზღვართან 245-მილიონიანი ახალი მაგისტრალის მშენებელი კომპანიის შერჩევის ვადა გაგრძელდა

გზა

საქართველოს მთავრობა რუსეთის საზღვართან ახალი მაგისტრალის მშენებლობას გეგმავს - ამისთვის ივნისში გზების დეპარტამენტმა 245.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ახალმა გზამ ურთულეს გეოგრაფიულ არეალში უნდა გაიაროს და მოძრაობის დრო მნიშვნელოვნად შეამციროს.

ახალი გზის სიგრძე 4.5 კილომეტრს შეადგენს, შესაბამისად ერთი კილომეტრის აშენების სავარაუდო ღირებულება 55 მილიონი ლარია.

სახელმწიფოს ამ გზის მშენებლობა სულ 5-მა კომპანიამ შესთავაზა, ყველა მათგანი ჩინურ სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ წარდგენილი წინადადებებიდან ორის სავარაუდო ღირებულება გამოცხადებულ 245 მილიონ ლარზე მეტი იყო. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ პრეტედენტებს მიმართეს წერილობით და სთხოვეს მათი ბიჯების ვადა შეინარჩუნონ 2024 წლის 15 მარტამდე, რადგანაც პირველადი პროექტით, ამ ბიჯების ვადა 15 იანვარს იწურება.

ახალი გზის მშენებლობის მსურველი კომპანიების შეთავაზებები ასეთია:

  • Hunan Road & Bridge Construction Group Company Ltd. - 377,391,902 ლარი;
  • Guizhou Highway Engineering Group Co.,Ltd. - 299,686,603 ლარი;
  • China Communications Construction Company Limited - 235,012,894 ლარი;
  • China Railway Tunnel Group Co., LTD. - 233,688,688 ლარი;
  • China Railway 23rd Bureau Group - 224,919,507 ლარი.

არსებული მდგომარეობით გზის მშენებლობას ყველაზე იაფად სახელმწიფოს ჩინეთის რკინიგზის 23–ე ბიურო სთავაზობს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ამ გზის ფარგლებში ორი ესტაკადა და ორი გვირაბი აშენდება, მათი პარამეტრები ასეთი იქნება:

  • ესტაკადა N1 მდ.თერგზე - სიგრძე 2018 მეტრი;
  • ესტაკადა N2 - სიგრძე 636 მეტრი;
  • გვირაბი N1 - სიგრძე 460 მეტრი;
  • გვირაბი N2 - სიგრძე 846 მეტრი.

მთლიანობაში გვირაბებსა და ესტაკადაზე დაგეგმილი საპროექტო მანძილის 88% მოდის, სწორედ ამის გამო, ერთი კილომეტრის აშენების საშუალო ღირებულება ბიუჯეტს 55 მილიონი ლარი დაუჯდება, რაც გზის ყოველ მეტრზე 54,670 ლარს შეადგენს.

გზის პარამეტრები ასეთი იქნება:

  • საანგარიშო საპროექტო სიჩქარე - 60 კმ/სთ;
  • მიწის ვაკისის სიგანე – 14.0 მ;
  • სავალი ნაწილის სიგანე – 7.0 მ;
  • სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.5 მ;
  • სამოძრაო ზოლების რაოდენობა - 2.

“საპროექტო გზის მონაკვეთი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში. გზა გადის პრაქტიკულად დაუსახლებელ ტერიტორიაზე. საპროექტო მონაკვეთის მთლიანი სიგრძე შეადგენს 4.5 კმ-ს. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი არის არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მონაკვეთის გაგრძელება. მიმართულების გარკვეული ნაწილი მდინარე თერგის კალაპოტის მარცხენა ნაპირზე, სანაპირო ზოლში გადის. საპროექტო მონაკვეთი გადის ძალიან რთულ რელიეფში, მდინარე თერგის ვიწრო ხეობაში, რომელიც ორივე მხრიდნ შემოსაზღრულია მთებით”, - ნათქვამია სატენდერო პირობებში.

ახალი გზა წარმოადგენს ჩრდილოეთ-სამხრეთის ახალი მაგისტრალის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს. ამჟამად უკვე მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც გვერდს უვლის გუდაურს და მგზავრობის მანძილს დაახლოებით 45 წუთით ამცირებს, ასევე აუმჯობესებს საატვომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას. გზის მშენებლობა 1.2 მილიარდ ლარამდე ჯდება, მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებულია 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომლის 8 კილომეტრიც უკვე გაჭრილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები