მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა სომხეთიდან ყველა საკარანტინო პროდუქტის იმპორტი და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ტრანზიტი აკრძალა

ბაზარი

დღეიდან, რუსეთის „როსელხოზნადზორმა“ სომხეთიდან საკარანტინო კონტროლის ქვეშ მყოფი ყველა პროდუქტის იმპორტი და მათი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) სხვა წევრ ქვეყნებში ტრანზიტი აკრძალა.

საკარანტინო რეგულირებად პროდუქტებში შედის „მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის“ შემცველი საქონელი. „როსელხოზნადზორის“ ვებსაიტზე განთავსებული სია მოიცავს ყვავილებს, ბოსტნეულს, ხილს, კენკრას, მარცვლეულ კულტურებს, თამბაქოს, ხე-ტყეს და ბევრ სხვას.

„როსელხოზნადზორმა“ განაცხადა, რომ მან არაერთხელ აღმოაჩინა "საკარანტინო ობიექტები" სომხურ ტვირთებში და ეს პრობლემა სომხური მხარის გაფრთხილების მიუხედავად კვლავ გაგრძელდა. მხოლოდ ივნისში, „როსელხოზნადზორის“ ცნობით, ხაპრას ხოჭოს დაინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა - სომხურ ნიგოზში, ატმისა და პომიდვრის ჩირში.

ცნობისთვის, რუსეთმა სომხეთიდან იმპორტის შეზღუდვა მაისში დაიწყო. თავდაპირველად აკრძალა ყვავილები, შემდეგ "ჯერმუკის" მინერალური წყალი, შემდეგ ბოსტნეული, მარწყვი, ჩირი და სხვა საქონელი.

რუსეთს მსგავსი აკრძალვები ცალკეული ქვეყნებისთვის მათთან ურთიერთობის გაუარესების საპასუხოდ ამ დრომდეც არაერთხელ დაუწესებია. მაგალითად, ასე იყო 2006 წელს ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის, 2014–2015 წლებში პოლონური ხილისა და ბოსტნეულის და 2015 წელს თურქული პომიდვრის აკრძალვის შემთხვევაში.

ამჯერად კი, სომხეთთან დაკავშირებით, "როსელხოზნადზორის" გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2025 წელს სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღება. მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთდროული წევრობა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ერევანი საკუთარ დღის წესრიგს ორივე კავშირს მანამდე შეუსაბამებს, სანამ ეს შესაძლებელი იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ სომხეთმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობის შესახებ და ასეთ შემთხვევაში „რბილი და ინტელიგენტური განქორწინების“ გზა შესაძლებელი იქნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები