რუსეთის მთავრობამ წიწიბურის ექსპორტზე ექვსთვიანი აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილების მიზეზად მოსავლის 12-წლიან მინიმუმამდე შემცირება და ფასების ზრდა სახელდება. საქართველოსთვის რუსეთი წიწიბურის მთავარი მომწოდებელია.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში შეძენილი წიწიბურის ღირებულების 99,9% (4 348 300 აშშ დოლარი 4 353 300 დოლარიდან) სწორედ რუსეთზე მოდიოდა. ამასთან, ზრდა 38%-ია. გარდა რუსეთისა, მცირე რაოდენობა საქართველომ ბელაურსის და პოლონეთისგანაც იყიდა.
შეზღუდვა 28 ნოემბრიდან ამოქმედდა და ექვსი თვე გაგრძელდება. აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებსა და საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიწოდებაზე, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებასა და მთავრობათაშორისი შეთანხმებების ფარგლებში განხორციელებულ მიწოდებებზე.
როსტატის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან წიწიბურაზე საცალო ფასები 17,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი, თითქმის 20%-ით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ოფიციალურ ინფლაციას. საბითუმო ფასები 2026 წლის ოქტომბერში 30%-ით, ხოლო ზაფხულის დასაწყისიდან 70%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მთლიანი მოსავალი ბოლო 12 წლის მინიმუმამდე დაახლოებით 800 ათას ტონამდე დაეცა.
რუსეთში წიწიბურის სათესი ფართობები 2026 წელს 1990 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე, 682,9 ათას ჰექტრამდე შემცირდა, ალთაის მხარე კი, სადაც მოსავლის ნახევარი მოდის, გვალვამ დააზარალა. 1-ელი ოქტომბრისთვის მარაგები 130 ათას ტონამდე შემცირდა, მაშინ როცა იანვარ-ოქტომბერში ჩინეთში 157 ათასი ტონა გაიტანეს, სადაც მას ძირითადად სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვებად იყენებენ.
მსგავსი შეზღუდვა რუსეთს 2021 წლის 5 ივნისიდან 31 აგვისტომდეც ჰქონდა დაწესებული. მაშინ საქართველოს ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ ეს ქართულ ბაზარზე არ აისახებოდა და საჭიროების შემთხვევაში წიწიბურის შემოტანა სხვა ბაზრებიდან იქნებოდა შესაძლებელი.





















