22 ოქტომბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა რუსულ ენერგოგიგანტ Lukoil-ს და ყველა მის შვილობილ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს. მათ შორისაა "ლუკოილ ჯორჯიაც", რომელიც 100%-ით რუსული ენერგოგინატის საკუთრებაშია. თუმცა, სანქციების დოკუმენტს აშშ-ის ხაზინამ დაურთო ცალკე გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 21 ნოემბრამდე, სანქციები რუსეთის ფედერაციის გარეთ, Lukoil-ის ბენზინგასამართ სადგურებს არ შეეხება.
ამ თარიღის შემდეგ თუკი აღნიშნული სადგურები კვლავ კომპანიის საკუთრებაში იქნა, მათზეც ფინანსური სანქციები გავრცელდება. ეს სანქციები გულისხმობს იმას, რომ ბანკები საგადახდო ოპერაციების წარმოებას შეწყვეტენ.
არსებული მდგომარეობით, "ლუკოილ საქართველოს" გენერალური დირექტორის პოსტს რუსეთის მოქალაქე, რომან პეტრაშოვი იკავებს. კომპანიას 2024 წლის ფინანსური შედეგები უკვე გამოქვეყნებული აქვს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს "ლუკოილის" შემოსავალმა 762.5 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 279 მილიონი ლარით მეტია.
კომპანია საქართველოში ოპერირებს 24 საკუთრებაში არსებული, 26 იჯარით აღებული და 10 ფრანჩაიზული ავტოგასამართი სადგურის მეშვეობით, რომლებიც ქვეყნის ყველა რეგიონშია განთავსებული. მისი ძირითადი მომწოდებელი ბულგარეთში მდებარე LUKOIL NEFTOHIM BURGAS AD-ია, რომელიც „ლუკოილის“ ჯგუფში შედის.
ცნობისთვის, LUKOIL-ის ავტოგასამართ სადგურების ქსელი რუსეთის მიღმა, შემდეგ ქვეყნებში ოპერირებს: ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონია, მონტენეგრო, რუმინეთი და სერბეთი - ჯამში 750-ზე მეტ ლოკაციაზე.
BMG-მ "ლუკოილ საქართველოს" სანქციებთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა, თუმცა კომპანიაში, ჯერჯერობით, პასუხისგან თავს იკავებენ.




























