"რუსეთის ფედერაციას არაფერი აქვს საერთო საქართველოში არსებულ ვითარებასთან", - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
"დიახ, რუსეთს არანაირი კავშირი არ ჰქონია [საქართველოში არსებულ ვითარებასთან], მე ეს კარგად ვიცი. ჩვენ ნამდვილად ვნერვიულობდით, BRICS-ის ბოლო სამიტზე, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შეხვედრისას. ჩვენ ქართველების გამო ვღელავდით. მისმინეთ, ქართველებს რამე ლგბტ უნდა დავუწესოთ?! ქართველებს თავს ახვევენ რაღაც "ლგბტ"-ობას. ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ. ამას ქართველები არ მიიღებენ. ისინი მთელი ცხოვრება უყურებენ ქალებს, აკვნიდან“, - განაცხადა მან.
ამასთან, ლუკაშენკო "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ "რუსულ კანონს" დადებითად აფასებს და დასავლეთს საქართველოს განადგურებაში ადანაშაულებს.
"მათ უნდათ გამჭვირვალობა საკუთარ ქვეყანაში: როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში. ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე მიიღო, უფრო მეტიც, მათ გაიმეორეს ის, რაც ამერიკაში აქვთ, წინასწარ კონსულტაციები გაიარეს და თქვეს, რომ კანონი იმაზე მსუბუქი იყო, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვთ. თუმცა ბიძია ჯომ გაიღვიძა, კიდევ ვიღაცამ ევროკავშირში და არასწორად იფიქრა, არასწორად დაინახა. ქვეყანას ანადგურებენ", - განაცხადა ლუკაშენკომ.