რუსეთს კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მოლაპარაკებების ფორმატის, იგივე ჟენევის მოლაპარაკებების შვეიცარიიდან გადატანა სურს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზიდან ვიგებთ, ოფიციალური მოსკოვი შვეიცარიას ნეიტრალიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს. მათი შეფასებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე მიერთებით ქვეყანამ ნეიტრალური შუამავლის სტატუსზე უარი თქვა. შესაბამისად, საჭიროა “ჭეშმარიტად ნეიტრალური” ქვეყნის პოვნა, სადაც მოლაპარაკებებში ჩართული ქვეყნები საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას შეძლებენ.
ცნობისთვის, ჟენევას მოლაპარაკებების მომდევნო, რიგით 66-ე რაუნდი 2026 წლის მარტშია დაგეგმილი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში ყურადღება გამახვილებულია 11-12 ნოემბერს, ჟენევაში ჩატარებულ მოლაპარაკებების რიგით 65-ე რაუნდზეც და გაკრიტიკებული საქართველოს მიერ გაეროში წარდგენილი ყოველწლიური რეზოლუცია, რომელსაც ლავროვის უწყება პოლიტიზირებულს უწოდებს. მათი შეფასებით, ქართული მხარის მსგავსი ნაბიჯები მოლაპარაკების პროცესს აფერხებს.
რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის შესაბამისად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებაზე. შედეგად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდი, წინა შეხვედრების მსგავსად, უშედეგოდ დასრულდა - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს.




























