"სატრანსპორტო დერეფრნის კვლევის ცენტრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობა ბოლო წლების განმავლობაში იზრდება. როგორც არასამთავრობოში აცხადებენ, რკინიგზათა თანამშრომლობის ორგანიზაციის (ვარშავა) მიერ მოყვანილ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთ-აფხაზეთის სარკინიგზო ე.წ საზღვარზე გადაზიდვების მოცულობის შემდეგი ტრენდი ფიქსირდება:
2008 წ - 126.21 ათ. ტონა, 2009 წ - 84.96 ათ. ტონა, 2010 წ - 123.09 ათ ტონა, 2011წ - 218.83 ათ. ტონა, 2012 წ - 134.83 ათ.ტონა, 2013 წ - 178.54 ათ.ტონა, 2014 წ - 305.20 ათ. ტონა, 2015 წ - 410.17 ათ. ტონა, 2016 წ - 653. 65 ათ. ტონა.
,, ფაქტიურად სარკინიგზო გადაზიდვები რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის იზრდება, რამდენად, ეკონომიკურად მომგებიანია აღნიშნული გადაზიდვების მოცულობები, იმისთვის რომ აფხაზეთის რკინიგზამ დამოუკიდებლად იფუნქციონიროს ?
ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის, რუსეთისგან ფინანსური დამოკიდებულების შესამცირებლად, უპირველეს ყოვლისა აფხაზეთისთვისაა აუცილებელი, გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გარდა, სათანადო ტვირთნაკადებით უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევში, რკინიგზა არა თუ მომგებიანი იქნება, ჩადებული ინვესტიციების ამოღებასაც ვერ მოახერხებს. იმისათვის, რომ აფხაზეთის რკინიგზამ ფინანსური წონასწორობის (მომგებიანობის) ზღვარზე იფუნქციონიროს, აუცილებელია წელიწადში მინიმუმ 3 მლნ ტონის ტვირთნაკადის არსებობა” - აცხადებენ ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“.
მათივე ინფორმაციით, სადღეისოდ, უშუალოდ ოკუპირებული აფხაზეთის ყოველწლიური საჭიროება ტვირთებზე 0.5 მლნ ტონაა, რაც ძირითადად რუსეთიდან შესული საწვავით და სამშენებლო მასალებით ფორმირდება.
ოჩამჩირის ნავსადგურის სრული სიმძლავრით ამოქმედების პირობებში (აფხაზეთი თურქეთის მიმართულებით ახორციელებს ქვანახშირის საზღვაო გადაზიდვებს), დაახლოებით 1 მლნ ტონა ქვანახშირის გადაზიდვაა შესაძლებელი ტყვარჩელი - ოჩამჩირის სარკინიგზო განშტოებით, რაც ჯამში 1,5 - მლნ ტონაა, მიუხედავად ამისა, არ არსებობს „დანარჩენი“ - 1.5 მლნ ტონა ტვირთი. ( 2016 წელს აფხაზეთის რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 0.65 მლნ ტონა შეადგინა).
,, ამ თვალსაზრისით, აფხაზეთის რკინიგზა, სადღეისოდ, სატრანზიტო ტვირთნაკადების პერსპექტივის გარეშე, გადაქცეულია „ჩიხურ“ რკინიგზად და თავისთავად წამგებიანია. ასეთ ვითარებაში ის დამატებით ტვირთად აწვება როგორც აფხაზეთის ბიუჯეტს, ასევე რუსეთის ეკონომიკას“ - აცხადებენ ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“.