"ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი გიორგი კოდუა გადაცემა “საქმის კურსში” სტუმრობისას ამბობს, მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, თუ საქართველო ევროპის საავიაციო მიმართულებებს დაკარგავს, მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს. მისი თქმით, ევროპის ბაზრის დაკარგვის შემდეგ საქართველო ავიაციის ჭრილში საინტერესო არც რუსეთისთვის იქნება.
გიორგი კოდუა ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო უკვე კითხვები აქვთ სალიზინგო კომპანიებს, რომელთა დახმარებითაც ავიაკომპანიებს საქართველოში თვითმფრინავები შემოჰყავთ. მისი თქმით, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის გამო სალიზინგო კომპანიებმა თანამშრომლობაზე უარი უთხრეს.
“ძალიან მაკვირვებს განცხადებები, როცა ამბობენ, რომ თუ ევროპაში არ გავფრინდებით, არაუშავს, რუსეთის ბაზარი ჩაგვენაცვლება. ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავფრინავდით მოსკოვის მიმართულებით, შემდეგ შეგვეზღუდა, დღეს ამ კონტაქტებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ რუსეთსაც არ სჭირდები ევროპის ბაზრის გარეშე.
რუსეთს აქვს პრობლემები სანქციების გამო და იყენებს საქართველოს. მოგეხსენებათ ჯორჯიან ეარ ვეისს, აირზენას უკვე ტრანზიტული რეისები რომ განუვითარდა მოსკოვი თბილისზე ფრენის, თბილისზე აბამს პარიზის მიმართულებას. როცა არის საუბარი, რომ ევროპა არ გვჭირდება, ევროპა რომ არ იქნება არც რუსული რეისები არ იქნება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ან გზა ევროპისკენ და გავხდეთ ჰაბი, რაც არის ჩვენი მომავალი, ან თუ არ თუ რუსეთზე დამოკიდებული გავხდით ძალიან სერიოზულ დარტყმას მივიღებთ”, - ამბობს “ეარ ჯორჯიას” დამფუძნებელი გიორგი კოდუა.