რუსეთის დუმამ ალკოჰოლურ სასმელებსა და სხვა პროდუქტებზე, მათ შორის ღვინოზე აქციზის გადასახადი გაზარდა. შედეგად, 2017 წლიდან ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორებს რუსეთში გაორმაგებული აქციზის განაკვეთის გადახდა მოუწევთ. რა ელის ქართულ ღვინოს, შემცირდება თუ არა რუსეთის მიმართულებით მისი ექსპორტი, - თემაზე კომპანია ’’ბადაგონის’’ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია საუბრობს.
-ბატონო გიორგი, ღვინოზე აქციზის გაორმაგება და 9 რუბლიდან 18 რუბლამდე გაზრდა, ქართული ღვინის ექსპორტზე რუსეთში როგორ აისახება, როგორია თქვენი მოლოდინები?
-ჩვენ ამ პროცესს 2 თვეზე მეტია თვალყურს ვადევნებთ. აღვნიშნავ, რომ რაღაც გარკვეული რყევა იქნება, მაგრამ არა მნიშვნელოვანი. აღნიშნული ცვლილება დაახლოებით პროდუქციაში 10-15 აშშ ცენტის დიაპაზონში აისახება, პროდუქციის გაძვირება მოხდება, რომელიც ჩვენი პროდუქციის ღირებულებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი არ არის. ამიტომ ძალიან დიდი რყევებს და მითუმეტეს ამ ქვეყანაში ექსპორტის შემცირებას ნამდვილად არ ველოდებით არცერთ შემთხვევაში.
მნიშვნელოვანია, რომ ეს აქციზი ყველა იმპორტირებულ პროდუქტზე იმოქმედებს. ჩვენ, როგორც დღეს ვართ კონკურენტუნარიანი, ასევე დავრჩებით ამ გარემოში. ქვეყანაში ყველა შეტანილ ღვინოზე კონკრეტული გადასახადი იქნება.
- ცნობილია, რომ ლარის მსგავსად, რუსული რუბლიც უფასურდება და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა იკლებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენ აღნიშნეთ, რომ დიდი ოდენობით ფასების მატება არ მოხდება და მაინც რა არის იმ ოპტიმიზმის საფუძველი, რაზეც თქვენ საუბრობთ?
-ჩვენ ამ ქვეყანაში ის საკმაოდ დიდი კრიზისული პერიოდი გავიარეთ, რომელიც ზოგადად რუსეთში იყო, რაც რუბლის პირველ სერიოზულ დევალვაციას მოყვა, რომელიც თავისთავად აისახა მსყიდველთუნარიანობაზე და გეტყვით, რომ ოპტიმიზის საფუძველს პირველ რიგში, ის ფაქტი გვაძლევს, რომ ქართულმა ღვინომ ყველა გაყიდვის ობიექტებში თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა და რაც მთავარია, მისი პოპულარობა მოსახლეობაში სტაბილურია და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან ნამდვილად არ იმოქმედებს.
-ამ ეტაპზე თქვენი კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის რამდენი პროცენტი გადის რუსეთში ექსპორტზე?
-დღესდღეობით 40%-დან 45%-მდე ჩვენი პროდუქციის ექსპორტი ხდება რუსეთში. ეს მაჩვენებელი ჩვენდა სასიხარულოთ მესამე მნიშვნელოვანი ბაზრიდან გამომდინარე, როგორიც ჩინეთი არის, კლებულობს. ჩინეთში სულ ახლახან ჩვენი პროდუქციის 5 000 000 ბოთლზე ჩინურ კომპანიასთან მემორანდუმის გაფორმება შედგა. სწორედ ეს ბალანსი დიდი ოპტიმიზმის გრძნობას გვაძლევს.
-გამომდონარე პრაქტიკიდან, მაგალითად, იგივე 2006 წლის ემბარგო, ქართელი მწარმოებელი რუსეთის ბაზარზე უარს რატომ ვერ ამბობს? სხვა ბაზრებთან შედარებით, ამ ბაზარს რა უპირატესობა აქვს, რომ ამ ბაზარს ვერ თმობს?
-იმ ტრადიციიდან გამომდინარე, რომელიც ამ ბაზარზეა, რუსეთი ქართული ღვინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. ქართული ღვინის ცნობადობა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც იქ ისტორიის დიდ პერიოდს ითვლიან, ძალიან მაღალი და მოთხოვნადია. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ რუსეთი ძალიან ბევრი ტურისტის გამტარია, სწორედ იმ ადამიანების, რომლებიც იქ ქართულ ღვინოს აგემოვნებენ, რაც შემდეგ აუცილებლად ადეკვატურად აისახება სხვადასხვა ქვეყნებში. დღესდღეობით ჩვენი კომპანია ექსპორტს სტაბილურად 32 ქვეყანაში აწარმობს და ვფიქრობთ, რომ გარკვეული ძალიან დიდი წვლილი სწორედ რუსეთში ცნობადობის ათვისებამ გამოიწვია.

























