მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში არასდროს არცერთი თეთრი არ გადაგვირიცხავს - GERA ბრალდებებს პასუხობს

6228bb016f6c4
ინგა მურუსიძე
09.03.22 18:38
1005
"GERA-ს რუსეთში არასდროს, არცერთი თეთრი არ გადაურიცხავს და არც მომავალში ვაპირებთ გადარიცხვას", - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია ავრცელებს. GERA პასუხობს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი რუსი ხელოვანებისთვის ჰონორარის ჩარიცხვას საქართველოს გავლით ცდილობს.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გვსურს, ჩვენს წევრებსა და დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ ინფორმაცია მსოფლიო საავტორო ასოციაციებში შემავალი ცვლილებების შესახებ, ასევე გაცნობოთ „ევროპის მუსიკალური საბჭოს“ ოფიციალური განცხადება:

თავდაპირველად, გვსურს კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ვემიჯნებით ყველანაირ ომსა და ძალადობას, ამ ომში, ჩვენც, ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო უკრაინას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ და ჩვენი მცირე წვლილი შეგვაქვს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

გვსურს, კიდევ ერთხელ, საჯაროდ განვაცხადოთ, რომ GERA-ს რუსეთში არასდროს, არცერთი თეთრი არ გადაურიცხავს და არც მომავალში ვაპირებთ გადარიცხვას. ჩვენმა ასოციაციამ მიიღო შეტყობინება „RAO“-სგან, რომელიც გვთხოვდა დახმარების გაწევას - იმ ქვეყნებისთვის საავტორო ჰონორარების მიწოდებას, რომლებშიც რუსეთმა საპასუხო სანქციებით აკრძალა გადარიცხვა. ჩვენი პასუხი კი იყო ის, რომ თუ ანალოგიური თხოვნით მოგვმართავდნენ მიმღები ქვეყნებიც, ამ შემთხვევაში განვიხილავდით მათ თხოვნას.

გარდა ამისა, იმ დროს როცა მთელი მსოფლიო გადასულია რუსეთის დასანქცირებაში და ყველა ქვეყანას წვლილი შეაქვს ამ სახელმწიფოს ეკონომიკას დარტყმა მიაყენოს, „ურა-პატრიოტი“ ასოციაციები მოგვიწოდებენ, რომ ჩვენი მოქალაქეების კუთვნილი ჰონორარები რუსეთში ჩავტოვოთ, ეს თანხა კი რუსეთმა უკრაინასთან ომს მოახმაროს.

შეგახსენებთ, რომ არცერთ სახელმწიფოს, მათ შორის არც უკრაინას, არ გაუწყვეტია „RAO“-სთან კონტრაქტი. ამის მიზეზი მარტივია - არცერთი განვითარებული სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ საკუთარი მოქალაქებიის კუთვნილი ჰონორარი ოკუპანტ ქვეყანას დაუტოვოს. ყველა განვითარებული სახელმწიფოს ვალია, დაიცვას ხელოვანი ადამიანების საავტორო უფლებები, სწორედ ამ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება „GERA“-ც.

შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ჩვენ თანხას ვრიცხავთ რუსეთში არის ბინძური PR-კამპანია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მოვუწოდებთ ყველას, ბინძურ PR-კამპანიების წარმოების ნაცვლად, გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ უკრაინას, ისე როგორც გაერთიანდა მთელი მსოფლიო.

ჩვენს წევრებსა და დაინტერესებულ პირებს ყველა მნიშვნელოვან სიახლესა თუ ცვლილებას ჩვენი გვერდის მეშვეობით მოგაწვდით. მადლობა, რომ ხართ ჩვენს გვერდით“, - ნათქვამია GERA-ს განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაცია „ევროპის მუსიკალური საბჭოს“ ოფიციალურ განცხადებასაც ავრცელებს, რომელსაც ასოციაცია სრულად იზიარებს.

"რუსული სამხედრო ძალების შეჭრა უკრაინაში - ევროპის სუვერენული და მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ მომართული ომის საშინელი აქტია. ევროპული მუსიკალური საბჭოს მმართველობითი ორგანო შოკირებულია მიმდინარე მოვლენებითა და უდანაშაულო ხალხის დახოცვის ფაქტით.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ კოლეგებსა და უკრაინელ ხალხს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ რუს დამპყრობლებს. ჩვენ გამოვხატავთ თანაგრძნობას ყველა მათგანის მიმართ, ვინც გაურბის საშინელ თავდასხმებს და ცდილობს საკუთარი და თავისი ოჯახის სიცოცხლე გადაარჩინოს.

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყველა ადამიანს, მუსიკოსს და კულტურის სფეროს წარმომადგენელს რუსეთში, ვინც გაბედავს და ამ ომის წინააღმდეგ განცხადებებით, დემონსტრაციებით თუ გადადგომით დააფიქსირებს საკუთარ აზრს.

როგორც მუსიკალური ქსელების ევროპული ქსელი, რომელსაც ჰყავს წევრები უკრაინასა და რუსეთში, ევროპის მუსიკალური საბჭო დარწმუნებულია, რომ მუსიკას შეუძლია ხიდების აგება და მშვიდობის, შემწყნარებლობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობა.

ევროპაში გვაერთიანებს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. სისხლისღვრა უნდა დასრულდეს და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინელ კოლეგებს ახლაც და მომავალშიც.

სოლიდარობის სულისკვეთებით ვიზიარებთ ევროპის კულტურული ფონდის (ECF) და მათი სოლიდარობის ფონდის განცხადებას. შეგიძლიათ აცნობოთ ECF-ს გადაუდებელი საჭიროებების შესახებ, განსაკუთრებით კულტურის სფეროში (cos@culturalfoundation.eu).

შეგიძლიათ გაიღოთ შემოწირულობა პირდაპირ ECF-ს კულტურის სოლიდარობის ფონდის უკრაინის საგანგებო გამოცემისთვის.

სხვა მრავალ ევროპულ კულტურულ ორგანიზაციასთან ერთად, EMC-მა მოაწერა ხელი პეტიციას, რათა მოუწოდოს მსოფლიო ლიდერებს, უზრუნველყონ სახსრები და მხარდაჭერა უკრაინაში კულტურული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

ევროპული მუსიკის საბჭო (EMC) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ევროპაში ყველა ჟანრისა და მუსიკის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ის მხარს უჭერს მუსიკაზე წვდომას ყველასთვის და მუსიკალური გამოხატვის თავისუფლებას მთელ ევროპაში. როგორც საერთაშორისო მუსიკალური საბჭოს (IMC) ნაწილი, EMC სტრატეგიები და მოქმედებები ეფუძნება 5 IMC მუსიკის უფლებას."

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები