საკუთარ რიგს ასეულობით ტრაილერი ფასანაურიდან საქართველო-რუსეთის საზღვრამდე ელოდება.
Tv “პირველთან“ საუბარში მძღოლები აცხადებენ, რომ არ იციან კონკრეტული მიზეზი, რატომ არ აძლევენ გადაადგილების უფლებას; თითქმის ყველა ერთსა და იმავე მიზეზს ასახელებს, რაც რუსეთის საბაჟოს ცუდად მუშაობას უკავშირდება.
„ორი დღეა აქ ვდგავართ; გვაინტერესებს მიზეზი, მაგრამ არავინ არაფერს გვეუბნება. რუსეთში ატამი მიგვაქვს... ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამდენი ხანია გაჩერებული ვართ“, - აცხადებს მძღოლი ვეფხვია ხოსიაშვილი.
„თბილისიდან 4 ივლისს გამოვედი და მესამე დღეა აქ ვდგავარ. ჯერ ჟინვალში ვიდექი, მერე - მლეთაში და ახლა აქ ვდგავარ. გვეუბნებიან, რუსეთი მცირე რაოდენობით ატარებს მანქანებსო; რამდენიმე წელია ვმუშაობ და რუსეთს ასე ცუდად არასდროს უმუშავია. მე კონიაკი „სარაჯიშვილი“ მიმაქვს რუსეთში... ინფორმაციას არავინ გვაძლევს“, - აცხადებს მძღოლი მალხაზ დანიელიძე.
„დილიდან აქ ვდგავართ. გვეუბნებიან, რომ რუსეთის საბაჟოზე ბევრი მანქანა დგას და ვერ ასწრებენ.. წლიდან წლამდე არაფერი იცვლება. კომპიტერთან ასაკოვანი რუსი მებაჟეები სხედან და დოკუმენტების სწრაფად გაფორმება არ შეუძლიათ“, - აცხადებს კიდევ ერთი მძღოლი tv “პირველთან“.
ცნობისთვის: შემოსავლების სამსახურში bm.ge-ის განუცხადეს, რომ ქართული საბაჟო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს;
„გრძელი რიგების გამო, შსს-ს საპატრულო პოლიცია სატვირთი მანქანებს ეტაპობრივად ატარებს და რიგებიც სწორედ ამან წარმოშო, რაც პირველი შემთხვევა არ არის“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

























