რუსეთში დავით კეზერაშვილი დაუსწრებლად დააპატიმრეს - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს თაღლითობას ედავება.
რუსული მედია წერს, რომ კეზერაშვილის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს და ის კანონიერ ძალაში შევიდა.
2016 წელს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კვლავ ბრალდებულის სტატუსით რჩება ცხინვალის 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელზეც რუსეთის ფედერაციაში გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, რუსული მხარის მტკიცებით, კეზერაშვილი რუსეთში ბრალი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ჩადენილი „ომის დანაშაულების საქმეზე წაუყენეს“.
"დავით შოთას ძე კეზერაშვილი რუსეთის ფედერაციის ძებნილთა ბაზაშია შეტანილი. ის საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული. მას თაღლითობაში ედება ბრალი, მოსკოვის სასამართლომ კეზერაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა". – წერია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2012 წლიდან, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. საქართველოს სახელმწიფოს მიერ ყოფილი მინისტრი ძებნილად არის გამოცხადებული.