რუსეთში, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად სანკტ-პეტერბურგში პულკოვოს აეროპორტში 50-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო, პრიმორსკის პორტში კი ერთ-ერთ გემზე ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 13 რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 220 დრონი ჩამოაგდეს. ყველაზე მეტი 85 დრონი ბრიანსკის ოლქში, 42 დრონი სმოლენსკის ოლქში, 28 დრონი კი ლენინგრადის ოლქში ჩამოაგდეს.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ღამით განაცხადა, რომ რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს და სამხედროებმა 30-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.
მედიის ცნობით, პულკოვოს აეროპორტში 12 სექტემბრის განრიგში გაუქმებულია 15 ავიარეისი და 27 კი გადადებულია. მოფრენაზე კი 14 რეისი გაუქმდა.
აეროპორტის პრესსამსახურში ავიარეისების გადადება-გაუქმების შესახებ აცხადებენ და ამბობენ, რომ განრიგში შეიძლება ცვლილებებიც იყოს. „აეროფლოტმა“ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აეროპორტში არსებული შეზღუდვებისა და ლენინგრადის ოლქში საჰაერო სივრცის გამოყენების შეზღუდვის გამო კალინინგრადში ფრენები გადადეს ან გააუქმეს.
რაც შეეხება პრიმორსკის პორტში გემზე ხანძრის გაჩენას, გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ჩააქრეს და ხომალდის ჩაძირვისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის საშიშროება არ არის.




























