რუსეთის ბაზარზე ღვინის იმპორტზე ახალი რეგულაციების დაწესება ქართველ მწარმოებლებს პროდუქციას გაუძვირებს, - ამის Bm.ge-ს შესახებ ,,კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ ქსოვრელმა განუცხადა. მისივე თქმით, ეს მათ კომპანიას ნაკლებად შეეხება, რადგან ექსპორტში რუსეთის ბაზარს მცირე წილი - სულ 8% უკავია.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აქციზების აღრიცხვის რეგულაცია მკაცრდებოდა, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც რუსეთში ღვინო შეაქვს.
ახალი რეგულაციით სააქციზო მარკა, ბოთლის გარდა ყუთზეც უნდა იყოს მითითებული, რითაც ღვინო შეაქვთ. ეს პროდუქციას გააძვირებს, რადგან ყუთს უკეთდება აქციზური მარკა, რასაც ცალკე აღრიცხვა და სპეციალური აპარატურა სჭირდება, ასევე მუშახელი, ვინც განახორციელებს ამას.
თუმცა, ჩვენ დიდად არ გვეხება რუსული რეგულაციები, რადგან რუსეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბაზარი არ არის და იქ მცირე რაოდენობით ღვინო გაგვაქვს“ - განაცხადა ნუგზარ ქსოვრელმა.
"კორპორაცია ქინძმარაული" წელიწადში 2 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, საიდანაც 1,6 მილიონი ბოთლი ექსპორტზე 20 ქვეყანაში იყიდება. კომპანიამ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია რისკების თავიდან აცილების მიზნით განახორციელა.

























