ზაფხულის განმავლობაში საქართველო და სომხეთში ბინის ქირის ფასები წლიურად 20-30%-ით გაიზარდა, რადგან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის ომისთვის მობილიზაციის ახალ ტალღას უფრთხიან, მეზობელ ქვეყნებში საცხოვრებელს ეძებენ - ამის შესახებ გამოცემა Euronews-ი წერს.
გამოცემის ცნობით, საქართველო კვლავ ყველაზე ხელმისაწვდომ მიმართულებად რჩება.
"რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნა 360 დღემდე შეუძლიათ, ამ ვადის განახლება კი მეზობელ ქვეყანაში ხანმოკლე გადასვლით არის შესაძლებელი. დღეს აქ ათიათასობით რუსი ცხოვრობს.
თბილისში სტანდარტული ბინის ყოველთვიური ქირა 450 ევროდან იწყება, ხოლო უფრო დიდი ან პრემიუმ კლასის აპარტამენტების ფასი 2 700 ევროს ან მეტს აღწევს. ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ("საქსტატის") მონაცემებით, საქართველოში საშუალო ნომინალური ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 2 165 ლარს (750 ევრო) შეადგენს.
ზაფხულის პიკის შემდეგ, საქართველოში ქირის ფასებმა ოდნავ დაიწია და ძირითადად დასტაბილურდა. ყველაზე მკვეთრი ზრდა 2022-2023 წლებში დაფიქსირდა, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქირა 70%-მდე გაძვირდა.
2023 წელს უცხოელ მყიდველთა მონაწილეობით განხორციელებული უძრავი ქონების ტრანზაქციების 55%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა, თუმცა მას შემდეგ მათი წილი ერთი მესამედით შემცირდა.
საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2026 წელს თბილისის პირველად საბინაო ბაზარზე ტრანზაქციების 76% საქართველოს მოქალაქეებმა განახორციელეს, 11% - ისრაელის მყიდველებმა, ხოლო მხოლოდ 3% - რუსებმა. შავი ზღვისპირა ქალაქ ბათუმში კი მოთხოვნა უფრო დივერსიფიცირებულია", - წერს Euronews-ი.
ცნობისთვის, საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვას Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი აქვეყნებენ. Galt-ის უახლესი პუბლიკაციის თანახმად, რომელიც ივლისის მონაცემებს ეფუძნება, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი კვადრატულ მეტრზე 10.1 დოლარს შეადგენს. TBC Capital-ის მიხედვით კი, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურად 4%-ით შემცირდა და ასევე 10.1 დოლარი შეადგინა.
რუსები სომხეთის საიჯარო ბაზარს აძვირებენ
Euronews-ი წერს, რომ მოთხოვნა განსაკუთრებით მწვავეა სომხეთში, სადაც რუსები - ისევე როგორც რუსეთში მცხოვრები სომხები, რომლებიც მობილიზაციის თავიდან არიდებას ცდილობენ - ძირითადად ერევანში იყრიან თავს.
დედაქალაქში ოროთახიანი ბინის ყოველთვიური ქირა ამჟამად 850 ევროს აღწევს. რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა უვიზოდ შეუძლიათ და წელიწადში 180 დღემდე დარჩენის უფლება აქვთ.
სომხეთის საკადასტრო კომიტეტის მონაცემებით, ერევნის კორპუსებში ბინების საშუალო ფასი აგვისტოში ივლისთან შედარებით 2.9%-ით, ხოლო წლიურად 23.5%-ით გაიზარდა. სომხეთში უცხოელების მიერ განხორციელებული უძრავი ქონების ტრანზაქციების დაახლოებით 72% სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.
10%-იანი გადასახადი, რომელიც ახლა საკადასტრო რეესტრში იჯარის ხელშეკრულებების რეგისტრაციისთვისაა სავალდებულო, ჩვეულებრივ, მოიჯარეების მიერ იფარება.
აგვისტოში უცხოელმა მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 506 ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციაში მიიღეს მონაწილეობა (ყველა გარიგების 7.6%), ამ შესყიდვების 70.2% - 177 ობიექტი - კი ერევანში დაფიქსირდა.
სომხეთში საშუალო ნომინალური ყოველთვიური ხელფასი 320 763 დრამია (790 ევრო), თუმცა ისეთ სექტორებში, როგორიცაა IT, ფინანსები და სამთო-მოპოვება, ანაზღაურება საგრძნობლად მაღალია.
შემდეგი გაჩერება - ბელარუსი
მოსკოვის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსების მიზიდულობის ცენტრად ბელარუსიც იქცა; თავდაპირველად როგორც სატრანზიტო პუნქტი, შემდგომ კი - საცხოვრებელი ადგილი.
2022 წლის სექტემბერში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მინსკსა და სასაზღვრო ქალაქებში (ბრესტსა და გომელში) მოკლე და საშუალოვადიან იჯარაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.
რუსებისთვის ევროპის საზღვრების ჩაკეტვისა და სანქციების გამკაცრების შემდეგ, ბელარუსმა გრძელვადიანი მცხოვრებლებისა და უძრავი ქონების მყიდველების ყურადღებაც მიიპყრო.
რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ დროებითი ბინადრობის ნებართვა მიიღონ, სადაც საცხოვრებლის დასტურად ქირავნობის ხელშეკრულება გამოიყენება. მართალია, ზოგიერთი ვებგვერდი დაბლოკილია, თუმცა ბელარუსს ინტერნეტის შეზღუდვაში რუსეთის მასშტაბებისთვის არ მიუღწევია.
ეროვნული საკადასტრო სააგენტოს მონაცემებით, მარტში მინსკში უძრავი ქონების გარიგებების დაახლოებით 10% რუსებზე მოდიოდა (2022 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2% იყო).
2026 წელს მინსკის საცხოვრებელ ქონებაზე რუსების მოთხოვნა 10%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო ქალაქში საცხოვრებლის კვადრატული მეტრის ფასი იანვრიდან 25.6%-ით გაიზარდა.
სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთიდან ემიგრაციის ორი უდიდესი ტალღა 2022 წელს დაფიქსირდა: პირველი თებერვალ-მარტში, ხოლო მეორე სექტემბერში, როდესაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
























