რუსეთის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის, Сбербанк-ის ხელმძღვანელმა, ჰერმან გრეფმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება უკვე ყველა რუსს ძალიან სურს.
როგორც ირკვევა, ბანკის მმართველმა შესაბამისი განცხადება აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე გააჟღერა. ჰერმან გრეფის თქმით, სამხედრო მოქმედებების შეჩერება ახლა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. მისი მტკიცებით, ეს სურვილი რუსეთის მთელ მოსახლეობას აერთიანებს.
კრებაზე ჰერმან გრეფმა საზოგადოების "მთავარ წუხილზე" ღიად ისაუბრა. Сбербанк-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სამხედრო მოქმედებების უსწრაფესად დასრულების გარდა სხვა რამ ადარდებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს რიტორიკა კრემლის ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგება. აქამდე ჰერმან გრეფი ვლადიმერ პუტინის სამხედრო პოლიტიკას საჯაროდ ყოველთვის უჭერდა მხარს. თანაც, ის რუსეთის სამხედრო კამპანიას აქტიურად აფინანსებდა.
შეგახსენებთ, ჰერმან გრეფი ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ საყრდენად მიიჩნევა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ის დასავლეთის მკაცრი სანქციების სამიზნე გახდა.
რაც შეეხება საზოგადოებრივ განწყობებს, როგორც The Moscow Times-ი წერს, დამოუკიდებელი გამოკითხვები სწორედ ჰერმან გრეფის სიტყვებს ადასტურებს. მედიის ცნობით, რუსეთის მოსახლეობის 81% უკრაინაში შეჭრის დაუყოვნებლივ შეჩერებას ემხრობა. სამხედრო კამპანიის სრულ გამარჯვებამდე გაგრძელებას კი გამოკითხულთა მხოლოდ 9% ითხოვს. გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებისთვის ომი ქვეყნის მთავარ პრობლემადაა ქცეული. მოსახლეობის განწყობა კარგად ჩანს Yandex-ის საძიებო სისტემის უახლეს სტატისტიკაშიც, სადაც ომის დასრულების შესაძლო ვადებთან დაკავშირებულით კითხვების რაოდენობა რეკორდულადაა გაზრდილი.




























