მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის აკრძალვა ძალიან მაგარი ნაბიჯი იქნებოდა - სომელიე

6465067516b95
თელარა გელანტია
17.05.23 22:00
4537
ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს დამფუძნებლის, საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის წევრის და სომელიე გიორგი დარციმელიას აზრით, რუსეთში საქართველოს ღვინის ექსპორტის აკრძალვა „ძალიან მაგარი ნაბიჯი“ იქნებოდა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

- საქართველოს ღვინო თავიდან დაიბადა და კარგი ღვინის კეთება რომ ვიცით, მას მერე გაგვახსენდა, როცა რუსეთმა 2006 წელს ემბარგო დაგვიწესა და ქართული ღვინის შეტანა აკრძალა. ქვეყანამ სტრატეგიას უნდა გადახედოს და ისე უნდა დაალაგოს, რომ მოხდეს რუსეთის ბაზრიდან დივერსიფიკაცია. მე თუ მკითხავთ, საერთოდაც რომ აიკრძალოს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი, ძალიან მაგარი ნაბიჯი იქნებოდა... თუკი ამის საშუალება იქნება, იქნება იდეალური.

- აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, რასაც გამბედაობა სჭირდება...

- პოლიტიკური ნება, ზოგადად, ყველაფერს სჭირდება... ბიზნესსაც შეუძლია, რუსეთში არ გაყიდოს ღვინო, თუ მოინდომებს, რადგან დღეს ბევრად კარგ ღვინოს აკეთებს ქართველი მეწარმე, ვიდრე - ოდესმე.

- პირველ კვარტალში ჩვენი ღვინის ექსპორტის ნახევარზე მეტი რუსეთში გავიდა...

- ეს არის სრული კატასტროფა... წარმოიდგინეთ, საექსპორტო გეოგრაფიაში 50-მდე ქვეყანა წერია, მაგრამ იქ შეიძლება სულ რაღაც რამდენიმე ათასი ბოთლი ღვინო გადიოდეს და ღირებულებაშიც დიდი თანხა არაა.

- ასე თუ გავაგრძელებთ, რა მომავალი აქვს ქართულ ღვინოს?

- დიდი მომავალი არ ექნება... დამატებული ღირებულების პროდუქტებს შევქმნით, მაგრამ იმდენად მცირე მასშტაბით, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკაზე დიდად ვერ აისახება.

- ისე, როგორ ფიქრობთ, ბიზნესიც რატომ მიილტვის რუსეთში რისკიანი ბაზრისკენ - ბაზრის ზომა და ცნობადობაა მიზეზი?

- იმიტომ რომ არ აქვს ხედვა, სტრატეგია და ხედვის გარეშე კიდევ არაფერი გამოვა.

- რას ურჩევდით ბიზნესს ღვინის ინდუსტრიაში?

- კერძო სექტორს ვურჩევდი, რომ გამოიყენოს მოწინავე საერთაშორისო გამოცდილება და დაიწყოს მონაწილეობა ბიზნესდემოკრატიაში. რეალურად გაჩნდეს სექტორული ასოციაციები, რომლებიც ერთმანეთში ისაუბრებენ და ბაზარზე თამაშის წესებს თავად განსაზღვრავენ.

2023 წლის პირველ კვარტალში 56.5 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.3%-ია. აღსანიშნია, რომ ღვინის ექსპორტის 67.5% კვლავ რუსეთის ბაზარზე მოდის ანუ ამ ქვეყანაში 3 თვეში 38 მლნ დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა. აღსანიშნია ისიც, რომ 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო რუსეთის გამოკლებით მხოლოდ 5 საექსპორტო ბაზარზე გავიდა - ესენია პოლონეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და ამერიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები