ცნობილი ამერიკული ონლაინ თამაში Roblox-ი რუსეთის მასშტაბით აიკრძალა. როგორც ოფიციალური უწყებები განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზეზი სათამაშო პლატფორმაზე წარმოდგენილი ექსტრემისტული მასალები და LGBT პროპაგანდაა, რასაც, მათი შეფასებით, Roblox-ის შემქმნელი კომპანია აქტიურად უჭერს მხარს. რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებლის ინფორმაციით, ონლაინ თამაშის ქვეყნის მასშტაბით დაშვება არასრულწლოვნების მორალურ განვითარებას აფერხებს და მათ გონებრივ ზიანს აყენებს.
როგორც მარეგულირებლის მიერ წარმოდგენილი განმარტებითი წერილიდან ვიგებთ, Roblox-ი ტერორისტულ აქტივობებს ახალისებს, არ უშლის ხელს ძალადობრივ აქტივობებს და სექსუალური შინაარსის მასალებსაც კი უკონტროლოდ აწვდის მოზარდებს.
უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ამერიკულ პლატფორმას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ და დაუშვებელი აქტივობების აღკვეთისაკენ არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა კონკრეტული რეაგირება არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მარეგულირებელს თამაშის აკრძალვის გარდა, სხვა გამოსავალი არ დარჩა.
ცნობისთვის, ცნობილი ამერიკული ონლაინ თამაში, რომელიც პლატფორმებზე პირველად 2006 წელს გამოჩნდა, დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობი თამაშია და მას გლობალურად, ყოველდღიურად 151.5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.




























