19 თებერვალს, გამთენიისას რუსეთში, სამარას რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით "როსნეფტის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა.
ღამის ოთხი საათისთვის სამარის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ ფედორიშჩევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „კიევის რეჟიმმა“ შეუტია სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის ტერიტორიაზე ოპერატიული და საგანგებო სამსახურები მუშაობენ. გუბერნატორის თანახმად, წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა.
ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის და ოფიციალური მონაცემებით, წელიწადში 8,9 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს. ეს ქარხანაზე დრონებით თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. იერიში განხორციელდა 2024 წლის მარტშიც.




























