ადგილობრივი ანალიტიკური ცენტრების შეფასებით, რუსეთში საექსპორტო ხორბლის ფასი 2-დან 7 დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ფასი, დღეის მდგომარეობით, 244-დან 247,5 დოლარამდე მერყეობს, რაც 2014 წლის რეკორდულ მაჩვენებელს უტოლდება.
რუსი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ფასების ზრდის გამო, რუსული ხორბლის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად მცირდება.
,,ასეთი ფასებით, რუსული ხორბალი ადგილს დაუთმობს ამერიკულ, ბრიტანულ და ფრანგულ ხორბლს”, - აცხადებს ანალიტიკურ ცენტრ ,,რუსაგროტრანსის” ხელმძღვანელი იგორ პავენსკი.
ანალიტიკოსების შეფასებით, ასეთ სიტუაციაში, ფასებმა ან სხვა ქვეყნებშიც უნდა მოიმატოს ან რუსულ ხორბალს მყიდველი აღარ ეყოლება.
აღსანიშნავია, რომ მარცვლეულის საშუალო ფასმა რუსეთის შიდა ბაზარზეც მოიმატა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ამის შესახებ რუსეთის მეხორბლეთა კავშირი იუწყება.
კავშირის ინფორმაციით, ფასების რეკორდული მაჩვენებელი, რუბლებში ფიქსირდება. კერძოდ, რუსეთის ევროპულ ნაწილში მე-3 კლასის ხორბალი 10 ათას 549 რუბლი ღირს, სიმინდი - 9 ათას 266 რუბლი, ჭვავი - 7 ათას 411, ხოლო ქერი - 10 ათას 012 რუბლი. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსი მეხორბლეები მარცვლეულზე ფასების კლებას არც გაზაფხულიდან ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს რუსეთში მარცვლეულის მოსავალს 108-110 მილიონი ტონის ფარგლებში ელოდებიან, საიდანაც 67 მილიონი ტონა ხორბალი იქნება; 2018 წელს კი, მთლიანმა მოსავალმა 113 მილიონი ტონა შეადგინა, საიდანაც ხორბალი 72 მილიონი ტონა იყო.

























