მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსეთში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა” - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

62d7b815bb7c4
ნინი ლონგურაშვილი
20.07.22 23:40
1921

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთიდან 705 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 51%-ით მეტია. ამ ზრდის შედეგად, რუსეთი საქართველოსთვის თურქეთის შემდეგ, რიგით მეორე უმსხვილესი საიმპორტო ბაზარი გახდა. 2021 წელს ამ პოზიციას ჩინეთი იკავებდა, თუმცა რუსეთიდან იმპორტის მკვეთრი ზრდის შედეგად, ეს პოზიცია რუსეთმა დაიკავა.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს რუსეთში 256 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. საქსტატის თანახმად, მინერალური წყლების და ღვინოების ექსპორტი შემცირებულია. სავაჭრო საქონლის ტოპ ხუთეულში ზრდა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისა ($13.9 მილიონი დოლარი, მატება 71%) და ფეროშენადნობების მიმართულებით ფიქსირდება.

“საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, ალექსი ნონიაძის შეფასებით, რუსეთის ბაზარი საქართველოს ავტოინდისტრიისთვის არასდროს იყო სტაბილური. ამის შესახებ მან “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა.

“წინა წელთან შედარებით რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი იზრდება, თუმცა არა დიდი რაოდენობით. თუ დინამიკაში შევხედავთ, რუსეთის ბაზარი არასდროს ყოფილა სტაბილური ბაზარი, შესაბამისად, ჩვენი ბიზნესი რუსეთზე გათვლებს არასდროს აკეთებდა, ძირითადად გათვლები გვაქვს, აზერბაიჯანზე, სომხეთზე, ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, მათ შორის ყირგიზეთზე, ყაზახეთზე და ა.შ. ასევე დიდი ნაწილი მიდიოდა უკრაინაზეც. ომმა ნაწილობრივ რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება გამოიწვია, თუმცა არა სრულად. არის გარკვეული ზრდა, მაგრამ ეს არის თანხობრივი, რაოდენობრივად ერთეულებში შესამჩნევი ზრდა არ გვაქვს", - განმარტა მან.

2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში განხორციელებული იმპორტის 10%-ი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 606.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა.

2022 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 039.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (705.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (522.5 მლნ. აშშ დოლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები