მოსკოვის ავტოდილერები ახალ, ჩინურ ელქტრომობილებზე მოთხოვნას ვეღარ აუდიან; ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მძღოლები ცდილობენ, თავი აარიდონ საწვავის კრიზისს, რამაც რუსეთის დიდ ნაწილში გრძელი რიგები და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ბოლო კვირებში რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მზარდმა დარტყმებმა ბენზინისა და დიზელის მიწოდება შეამცირა, რის გამოც რეგიონების უმეტესობაში შეზღუდვები დაწესდა.
Reuters-ის გამოთვლებით, ზოგიერთ რაიონში ბენზინის საცალო ფასები ევროპაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა.
სააგენტოს მონაცემებით, გასულ თვეში BYD-ის გაყიდვების მთლიანი მოცულობა წლიურ ჭრილში 5.5%-ით გაიზარდა და 403 400-ზე მეტი ავტომობილი შეადგინა.
რუსეთის დიდ მანძილებს, მკაცრ კლიმატსა და შეზღუდულ დამტენ ქსელს მანამდე მინიმუმამდე დაჰყავდა ელექტრომობილების ბაზრის ზრდა, თუმცა საწვავის მზარდი პრობლემები ზოგიერთ მძღოლს გადაწყვეტილების შეცვლისკენ უბიძგებს.
კომპანია "EN Cars"-ის დამფუძნებელმა ევგენი ზაბელინმა Reuters-ს განუცხადა, რომ კომპანია, რომელიც ჩინურ ბრენდებზეა სპეციალიზებული, ახლა დღეში ორ-სამ ელექტრომობილს ყიდის, მაშინ როდესაც სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ თვეში მხოლოდ ორი-სამი ერთეული იყიდებოდა.
"მას შემდეგ, რაც საწვავთან დაკავშირებული ვითარება გართულდა, მოთხოვნა მრავალჯერ გაიზარდა", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ინტერესი იზრდება როგორც ბიუჯეტურ, ისე პრემიუმ კლასის მოდელებზე.
ანალიტიკური სააგენტო "ავტოსტატის" (Autostat) აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი უდალოვმა Reuters-ს განუცხადა, რომ ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების (plug-in) გაყიდვების მოცულობა იზრდება, მაგრამ მაინც დაბალ ნიშნულზე რჩება, რადგან მწარმოებლები და იმპორტიორები საწვავის კრიზისისთვის მზად არ იყვნენ და საკმარისი მარაგები არ აქვთ. თუმცა მან აღნიშნა, რომ თუ კრიზისი გაგრძელდება, გაყიდვები უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება და ამით ძირითად სარგებელს ჩინეთი მიიღებს.
იანვრიდან მაისამდე პერიოდში საწვავის ფასების წლიურ ჭრილში 12%-ზე მეტით გაზრდის ფონზე, ელექტრომობილებზე მოთხოვნა მანამდეც მზარდი იყო.
"ავტოსტატის" მონაცემებით, რუსეთში ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების ყველაზე გაყიდვადი ბრენდებია ჩინური მწარმოებლების - Geely-ს, Dongfeng-ის, GAC-ისა და Chery-ს მოდელები. რუსული წარმოების ყველაზე პოპულარული ელექტრომობილია Evolute, რომელიც Dongfeng-ის მიერ მიწოდებული ნაწილებისგან იწყობა.
"ავტოსტატისა" და მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, წლის პირველ ხუთ თვეში დაახლოებით 24 600 ახალი ჰიბრიდი გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში 125%-იან ზრდას წარმოადგენს. ამავდროულად, სრულად ელექტრომობილების გაყიდვები 19%-ით გაიზარდა და 4 460 ერთეული შეადგინა.
ივნისში, საწვავის დეფიციტის დაწყების ფონზე, გაყიდვები კიდევ უფრო დაჩქარდა. "ავტოსტატის" ხელმძღვანელის, სერგეი ცელიკოვის განცხადებით, გასულ კვირას 1 754 ახალი ჰიბრიდი დარეგისტრირდა, რაც თითქმის მესამედით მეტია წინა კვირასთან შედარებით და თითქმის 50%-ით აღემატება მიმდინარე წლის საშუალო ყოველკვირეულ მაჩვენებელს.
ციფრული რუკების სერვისის, "2GIS"-ის მონაცემებით, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, რუსეთში დამტენი სადგურების რაოდენობა წლიურ ჭრილში 20%-ით გაიზარდა.
"ავტოსტატის" მონაცემებით, გასულ წელს ელექტრომობილებზე და ჰიბრიდებზე რუსეთში ავტომობილების მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 4.3% მოდიოდა.
გარდა ამისა, რუსი მძღოლები სულ უფრო ხშირად აღჭურავენ საკუთარ ავტომობილებს სპეციალური აპარატურით, რათა ბენზინისა და დიზელის ნაცვლად უფრო ხელმისაწვდომ და იაფ თხევად ბუნებრივ აირზე გადავიდნენ.
გაზეთ "იზვესტიას" მიერ ეროვნულ გაზის საწვავის ასოციაციაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი აღჭურვილობის გამოყენება გასული წლის მარტი-აპრილის პერიოდის შემდეგ 35%-ით არის გაზრდილი.




























