საერთაშორისო ორგანიზაციებში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის განცხადებით, ის პროდუქტები, რომლებიც რუსეთში სომხეთიდან აღარ შევა, აზერბაიჯანული პროდუქციით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ბორის ტიტოვმა „სპუტნიკ აზერბაიჯანს“ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დასწრებისას განუცხადა.
„ჩვენ ჩავანაცვლებთ აზერბაიჯანით იმას, რასაც სომხეთიდან დავკარგავთ, რადგან ცალსახად აზერბაიჯანს სოფლის მეურნეობაში მეტი შეუძლია და მეტსაც იძლევა, ვიდრე სომხეთი“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, სომხეთის ევროკავშირში შესვლის ეკონომიკური შედეგები ქვეყნის მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება.
„დესტაბილიზაცია, ეკონომიკური გაუმართაობა, ყველაფერზე ფასების ზრდა, ინფლაცია - ეს გარდაუვალი მოცემულობაა. ძველის დანგრევით, შენ ნეგატიურ ცვლილებებზე მიდიხარ, რაც თითქმის ყველაფერს შეეხება. არამხოლოდ ენერგეტიკაში, რომელიც მათთვის ახლა ბევრად იაფი ღირს, ვიდრე ევროპაში, იძულებით ევროპულ ფასებს გაუთანაბრდება. ეს შეეხება სურსათის მიწოდებასაც და სომხეთის შიდა ბაზარზე პროდუქტის ღირებულებასაც“, - განაცხადა ტიტოვმა.
ცნობისთვის, „როსსელხოზნადზორმა“ სომხეთიდან ბოსტნეულისა და ხილის, კურკოვანი ნაყოფისა და ყურძნის, ასევე თესლოვანი კულტურებისა და ჩირის შეტანა აკრძალა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფერმერებს იმ გაფუჭებული მოსავლის ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა, რომლის რუსეთში გაგზავნასაც ისინი მოსკოვის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო ვერ შეძლებენ.
ამას წინ უძღოდა 2025 წელს სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღება. მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთდროული წევრობა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ერევანი საკუთარ დღის წესრიგს ორივე კავშირს მანამდე შეუსაბამებს, სანამ ეს შესაძლებელი იქნება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ სომხეთმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობის შესახებ და ასეთ შემთხვევაში „რბილი და ინტელიგენტური განქორწინების“ გზა შესაძლებელი იქნებოდა. ასტანაში 29 მაისს გამართულ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შემდგომი დარჩენის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდეს.




























