რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ამერიკელი ევან გერშკოვიჩი ამერიკის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
FSB-ის ინფორმაციით, რეპორტიორი რუსული სახელმწიფო სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის შესახებ გრიფით საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა. ჟურნალისტის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა თავად გამოცემაც, რომელიც ევან გერშაკოვიჩის უსაფრთხოებითაა შეშფოთებული.
თავად გერშაკოვიჩი გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც The Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს თანამშრომლად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც იყო დარეგისტრირებული. ამ დრომდე, გერშაკოვიჩი AFP-სა და The Moscow Times-ში მუშაობდა, სადაც, უმეტესწილად, რუსეთისა და უკრაინის საკითხებს იკვლევდა. ჟურნალისტის მიერ ბოლო დროს მომზადებული მასალა რუსეთის ეკონომიკაზე საერთაშორისო სანქციების გავლენას და კრემლის ელიტისა და მილიარდერ ევგენი პრიგოჟინის მიერ მართულ “ვაგნერს” შორის არსებულ დაძაბულობას ეხებოდა. “ვაგნერი”, როგორც ცნობილია, უკრაინაში მიმდინარე ომში აქტიურადაა ჩართული - აღმოსავლეთ უკრაინული ქალაქ ბახმუტის აღებას, სწორედ პრიგოჟინის ორგანიზაცია ცდილობს.
ამერიკული გამოცემის ჟურნალისტის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში რუსი ექსპერტი, ანდრეი სოლდატოვი, რომლის თქმით, რუსეთში უცხოელი კორესპონდენტების დევნა დაიწყო.