დუმის 409 დეპუტატმა მხარი დაუჭირა „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას უკრძალავს. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
კანონის მიხედვით, უცხოელი აგენტის სტატუსის მქონე პირებს კანდიდატად დარეგისტრირება არჩევნების ყველა დონეზე ეკრძალებათ.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე კანონში „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებების მიხედვით, „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეყვანილი პირები, ასევე ექსტრემისტული ან ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართული პირები კანდიდატები ან არჩევნების დამკვირვებლები ვერ იქნებიან. კანონში ცვლილებების შეტანას მხარი 450-დან 409 დეპუტატმა დაუჭირა.
შესწორებები ასევე ითვალისწინებს უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტას "უცხოეთის აგენტებისთვის", რომლებიც არიან სენატორები, სახელმწიფო სათათბიროს, რეგიონების საკანონმდებლო საბჭოების თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დეპუტატები - თუკი კანონის ამოქმედებიდან 180 დღის განმავლობაში მათ რეესტრიდან არ ამოწერენ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა, სწორედ ამ სახელით გასულ წელს კაონი ორი მოსმენით მიიღო, მასშტაბური პროტესტისა და აქციების შემდეგ კი, ჩააგდო. წელს, ზუსტად იგივე კანონპროექტი, სხვა " უცხო ძალის გავლენის გამტარი" სახელით ორი მოსმენით უკვე მიღებულია და მმართველი პარტიის რწმუნებით, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე კანონის სახეს მიიღებს.