1 სექტემბრიდან, რუსეთში საზოგადოებრივი შეზღუდვების ახალი ტალღა ამოქმედდა. ამჯერად, კანონით ტელეფონის, ან SIM ბარათის სხვისთვის გადაცემა, ასევე VPN-ის რეკლამირება აიკრძალა. ოფიციალური უწყების განცხადებით, შეზღუდვის მიზანი სატელეფონო და ინტერნეტ თაღლითობების შემცირებაა.
ამიერიდან, რუსეთის მოქალაქეებს ოჯახის წევრების გარდა, ტელეფონისა თუ SIM ბარათის არათუ გაჩუქება, დროებით თხოვებაც კი აღარ შეეძლებათ. კანონის დარღვევის შემთხვევაში ბრალდებულებს შეიძლება სოლიდური ჯარიმის, 50,000 რუბლის, იგივე 670 დოლარის გადახდა ან ციხეში 3 წლამდე პერიოდის გატარება მოუწევთ.
განახლებული კანონმდებლობა VPN-ის გამოყენებას სრულად არ კრძალავს, თუმცა მის შესახებ რეკლამის გავრცელება აბსოლუტურად იზღუდება. კანონდამრღვევ მოქალაქეს 1,900 დოლარის გადახდა მოუწევს. ხოლო თუ ამ დანაშაულში რომელიმე კომპანია იქნება შემჩნეული, ჯარიმის მოცულობა 12,400 დოლარამდე გაიზრდება.
ახალი რეგულაციების ფარგლებში, “უცხოეთის აგენტებად” გამოცხადებულ პირებს ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობაც აეკრძალებათ. აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს შეზღუდვა მხოლოდ მცირეწლოვანთა მასწავლებლებს ეხებოდა.




























