რუსეთში ყალბ COVID-სერთიფიკატებს 200 დოლარად ყიდიან. დამოუკიდებელი გამოკითხვის საფუძველზე, რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით არ წუხს და მეტიც, 60% აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არც აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სურვილის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეს ყალბი COVID-სერთიფიკატის შეძენა სოციალურ ქსელ Telegram-ის მეშვეობით შეუძლია. Telegram-ის გარდა რუსეთში ყალბი აცრის დამადასტურებელი დოკუმენტები ე.წ „შავ ბაზარზეც იყიდება“, სადაც ფასი დაახლოებით 28 აშშ დოლარიდან იწყება.
გამოცემა აცხადებს, რომ არა მხოლოდ COVID-სერთიფიკატის, არამედ კორონავირუსის ვაქცინაციის ბაზაში რეგისტრაციის შეძენაც კი შესაძლებელია, რათა ყალბი დოკუმენტი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდეს, თუმცა აღნიშნულ საბუთში 400 აშშ დოლარის გადახდაა საჭირო.
France 24-ის ცნობით, დღეში დაახლოებით 20-30 შეკვეთა მაინც მოდის ყალბ COVID-სერტიფიკატებზე.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე მოსკოვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომდგენლებს თანამშრომლების ვაქცინაცია დაავალა, შედეგად 12 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით მილიონმა მოქალაქემ გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისიდან მოსკოვში რესტორანში შესვლისას მოქალაქემ COVID-სერთიფიკატი უნდა წარადგინოს და ასევე ადგილობრივი ხელისუფლება სხვა დამატებითი შეზღუდვების დაწესებასაც აპირებს, რათა ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი გაზარდოს.