მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსი ბროკერების წილი ქართულ ბაზარზე იზრდება - უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია

647edd87ec217
თათია ჩაფიჩაძე
06.06.23 16:00
1184
ბინების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება, რემონტი, ინტერიერის დიზაინი, მასალების და ავეჯის შერჩევა-ჩამოტანა, ავეჯის დამზადება - ყველა ამ და კიდევ ბევრ სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისს საქართველოში ემიგრირებული რუსეთის მოქალაქეები ადგილობრივებსა თუ უცხოელ სტუმრებს აქტიურად სთავაზობენ. შეიქმნა კომპანიებიც, რომლებიც იურიდიულ და საკონსულტაციო დახმარებას სთავაზობენ მათ, ვინც ცხოვრებას ან ბიზნესის დაწყებას საქართველოში აპირებს.

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციაში აცხადებენ, რომ რუსი ბროკერების წილი ქართულ ბაზარზე იზრდება და ტურისტულ რეგიონებში, უძრავი ქონების ბაზარზე ადგილობრივ საბროკერო კომპანიებს უცხოურ ფირმებთან კონკურენცია უჭირთ. ასოციაციაში აცხადებენ, რომ პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა, ადგილობრივი ბროკერების დისკრიმინაცია მოხდეს, რადგან კონკურენციის ზრდის გამო, მათი საქმიანობის არეალი საგრძნობლად შეზღუდულია.

უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა ვაჟა მებაღიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ თემაზე შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია დაწყებულია, თუმცა დაიწყება თუ არა ბროკერების ლიცენზირება, ამ ეტაპზე უცნობია.

„ჩვენ ვხედავთ კომპანიებს, რომლებიც გაჩნდნენ ქართულ ბაზარზე და არა მხოლოდ კომპანიები, არამედ კერძო პირებიც რომლებსაც სჭირდებათ შემოსავლის წყარო. ნაკლებად იყვნენ მათ თანამშრომლებად კომპანიებში, ამიტომ ძალიან ბევრმა თავად დაიწყო ბიზნესი ბევრი მიმართულებით და მათ შორის საბროკერო საქმიანობაში, რაც ძალიან მარტივია. ამ დარგს არ აქვს არანაირი ლიცენზირება, არანაირ რეგულაციას არ ექვემდებარება, შეგიძლია უბრალოდ გადაწყვიტო და გახდე ბროკერი. ერკვევი თუ არ ერკვევი, ეს ცალკე კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რომელიც დისკრიმინაციულია პროფესიონალებთან, თუმცა ამის გარდა მომხმარებლისთვისაც საშიშია, რადგან ის სრულად დაუცველია. ზოგი ასეთი კომპანია არაჩვეულებრივ სერვისსაც აწვდის, მაგრამ რისკები მაღალია, გუშინ რომ კრიმინალი იყო, დღეს ამ ბიზნესში ჩართვა და ბინებში შესვლა თავისუფლად შეუძლიათ. აბსოლუტურად დაუცველია მომხმარებელი. ამაში სერიოზულ პრობლემას ვხედავთ. ასევე, ეს თანხები არც ბიუჯეტში შედის, არსად ფიქსირდება და ამ მხრივაც ვფიქრობთ საჭიროებს გადაწყვეტებს.

უძრავი ქონების კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან. ეს გასაკეთებელია, აქტუალურია. გვესმის, რომ ასე სწრაფად ვერ მოხდება, ამას სჭირდება მთავრობის მუშაობა საბროკერო ბიზნესთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს.“ - განაცხადა მებაღიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები