მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსი და ბელორუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნით ცერემონიაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებით, რუს და ბელორუს სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი დროშების გამოტანისა და ზოგადად მონაწილეობის მიღების უფლება არ ექნებათ. ცხადია, სანქციის მიზეზი 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომია.

Associated Press-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ათლეტებს განახლებული პროტოკოლის მიხედვით გახსნის ცერემონიალის მხოლოდ მაყურებლის რანგში თვალის მიდევნების შესაძლებლობა ექნებათ.

IOC-ის ცნობით დამოუკიდებელი სპორტსმენებისთვის იგივე პროტოკოლს მიმართავენ, რასაც 1992 წელს იუგოსლავიის წარმომადგენლებისთვის იყენებდნენ. ბარსელონაში ჩატარებულ 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იუგოსლავიის ფედერალური რესპუბლიკის და მაკედონიის რესპუბლიკის სპორტსმენები ოლიმპიადაზე ინდივიდუალურად იღებდნენ მონაწილეობას.

ნეიტრალურ რანგში წარმოდგენილ სპორტსმენებს არ ექნებათ დროშის ტარება უფლება და ამასთან, არ უნდა ასოცირდებოდნენ საკუთარ ქვეყანასთან ან ქვეყანასთან დაკავშირებულ რაიმე ორგანიზაციასთან. ის სპორტსმენები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, საერთოდ ვერ მიიღებენ ღონისძიებაში მონაწილეობას.

ოლიმპიურ კომიტეტში ვარაუდობენ, რომ ჯამში 58 რუსი და ბელარუსი სპორტსმენი მიიღებს ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობას, საიდანაც 36 რუსი იქნება, ხოლო 22 ბელარუსი. იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნის წარმომადგენლები შეძლებენ ოქროს მედლის მოპოვებას, დაჯილდოების ცერემონიალზე ნეიტრალური დროშა აღიმართება და ამავდროულად ჯგუფის მიერ შერჩეული ჰიმნი გაიჟღერებს.

ცნობისთვის, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დახურვის ცერემონიალში მონაწილეობის შესახებ, რაზედაც მოგვიანებით გაავრცელებენ განცხადებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები