საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების 66% აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. შესაბამის კვლევას CRRC საქართველო აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, მათი უმრავლესობა, 61% საქართველოში ცხოვრებით საკმაოდ კმაყოფილია, 89% კი ქვეყანაში თავს დაცულად გრძნობს. გამოკითხული რესპონდენტების 90% აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობას საერთოდ არ ენდობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების 89% ვლადიმირ პუტინის საქმიანობას ძალიან უარყოფითად აფასებს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეები რუსეთის მთავრობასთან ერთად, საქართველოს მთავრობასაც არ ენდობიან. ასეთი 55%-ია. მეტიც, 56% ირაკლი ღარიბაშვილს უარყოფითად აფასებს. პრემიერ-მინისტრი მხოლოდ და მხოლოდ 19%-ს მოსწონს. რუსეთის მოქალაქეების 13% ირაკლი ღარიბაშვილს არ იცნობს. მხოლოდ 4%-ია ისეთი, ვინც სალომე ზურაბიშვილს არ იცნობს. საქართველოში მცხოვრები რუსი მიგრანტების 74% საქართველოს პრეზიდენტს დადებითად, 11% კი უარყოფითად აფასებს.
CRRC-ის კვლევის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებმა ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროკავშირი, აშშ და NATO-ც შეაფასეს. რესპონდენტების 43% უკრაინის პრეზიდენტს ძალიან დადებითად, 38% საკმაოდ დადებითად, 10% კი უარყოფითად აფასებს. EU-ს დადებითად მათი 93%, NATO-ს 77%, აშშ-ს კი 84% აფასებს.
ცნობისთვის, კვლევა 2023 წლის აპრილსა და მაისში ჩატარდა. ჯამში 1008 მოქალაქე გამოიკითხა, საიდანაც 80% ეთნიკურად რუსი, 4% ქართველი იყო. გამოიკითხნენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის თებერვლის შემდეგ ჩამოვიდნენ. CRRC-ის ცნობით, რესპონდენტები არაალბათური და არაშეთხვევევითი წესით შეირჩა და კვლევის შედეგების განზოგადება არ შეიძლება.