მიმდინარე 2024 წელი უმდიდრესი რუსი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით პოზიტიურად დაიწყო. Bloomberg-ის გამოთვლებით, გასული ორი თვის განმავლობაში მათი ქონების შეფასება დაახლოებით 16 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ეს კი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გასულ 2023 წელს ისინი დამატებით 50 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ.
თუკი Bloomberg-ს დავუჯერებთ, წელს საუკეთესო შედეგი ანდრეი მელნიჩენკოს აქვს, მისი ქონების შეფასება 4 მილიარდ 380 მილიონი დოლარით გაიზარდა და ის ამჟამად $23.2 მილიარდს შეადგენს. ბატონი ანდრეის სიმდიდრე ქიმიკატებსა და ქვანახშირს უკავშირდება.
წელს გამდიდრებულებს შორის მეორე ადგილზე ალექსეი მორდაშოვს ვხედავთ, რომელმაც ორ თვეში 2 მილიარდ 180 მილიონი დოლარი იშოვა. საერთო ჯამში, 58 წლის ბიზნესმენი 23 მილიარდ 100 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს, მისი სიმდიდრის წყარო კი ფოლადის უდიდესი საწარმოა.
ბედს არ უჩივის ვლადიმირ ლისინიც, მისი ქონების შეფასება წელს 1 მილიარდ 800 მილიონით გაიზარდა და ის ამჟამად 25.8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ლისინის სიმდიდრის წყაროც ფოლადი და ქვანახშირია.
სადაც ლისინსა და მის ამხანაგებს ვახსენებთ, იქვე ქვეყნის უმდიდრეს მეწარმეებზეც უნდა ვისაუბროთ, უფრო სწორად, ოლიგარქებზე, რადგან მათი სიმდიდრე არაფერ კავშირშია სამეწარმეო საქმიანობასთან.
Bloomberg-ის შეფასებით, ყველაზე მეტ ქონებას, ტრადიციულად, ვლადიმირ პოტანინი ფლობს, რომლის სიმდიდრე 31 მილიარდ დოლარს აჭარბებს. პოტანინი რუსეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, Interros-ის თავმჯდომარეა, რომელიც ყიდის ყველაფერს, რაც ბუნების წიაღში მოიპოვება.
მეორე ადგილზე ამჟამად ლეინიდ მიხელსონია, რომელმაც 26 მილიარდ 700 მილიონი დოლარის ქონების დაგროვება შეძლო.
რეიტინგში მესამე ადგილზე ვაგიტ ალეკპეროვს ვხედავთ, წარმოშობით აზერბაიჯანელ ბიზნესმენს 26 მილიარდ 200 მილიონი დოლარის ქონებაზე მიუწვდება ხელი. მისი გამდიდრება კი ყველასათვის კარგად ცნობილ Lukoil-ს უკავშირდება.
UBS-ის ანალიტიკოსების შეფასებით, 2023 წლის განმავლობაში რუსეთის მოსახლეობა თითქმის 600 მილიარდი დოლარით გამდიდრდა, ცხადია, ეს მაჩვენებელი მხოლოდ ელიტას არ მოიცავს და ის მთელ ქვეყანას აერთიანებს.
საერთო ჯამში, ვხედავთ რომ თითქმის ყველა რუს მილიარდერსა თუ ოლიგარქს კარგად აქვს საქმე, ეს კი იმ ფაქტითაა განპირობებული ყოველი მათგანის სიმდიდრე ქვეყნის ბუნებრივ რესურსებთანაა დაკავშირებული. როგორც იცით, რუსეთში ფულს სწორედ ის შოულობს, ვინც ბუნებრივ რესურსებს ყიდის.
უფრო მეტიც, არა მარტო მილიარდერების, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკა სწორედ ბუნებრივი რესურსების რეალიზაციაზე დგას. უფრო კონკრეტულად, მთლიანი შიდა პროდუქტის 60% ნავთობის და გაზის ექსპორტზე მოდის; მთავრობის საბიუჯეტო შემოსავლებში კი ენერგორესურსების წილი 70%-ს აჭარბებს.
მართალია, უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე ორ წელიწადზე მეტია გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში დასავლეთმა სანქციების 13 პაკეტიც დაამტკიცა, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ვერ აღმოჩნდა საკმარისი პუტინის ომის მანქანის შესაჩერებლად და უმდიდრესი ელიტის შესაწუხებლად, რადგან ვხედავთ, რომ მათ საქმე ცუდად ნამდვილად არ აქვთ და ზოგიერთი მათგანი ახლა იმაზე უფრო მდიდარია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.