რუსი ოპოზიციონერი და კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული და დასავლური მედია ციხის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.
როგორც რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახური იტყობინება, ნავალნიმ "სეირნობის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა". ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
შეგახსენებთ, ნავალნი პოლიტიკური პატიმარი იყო, რომელსაც ჯამში 30 წელი ჰქონდა მისჯილი სხვადასხვა ბრალდებით. ბოლოს მას 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს გასული წლის აგვისტოში ექსტრემიზმის ბრალდებით, მანამდე კი 11 წელი ჰქონდა მისჯილი თაღლითობის და სხვა ბრალდებებით. ის გასულ წელს გადაიყვანეს იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში მდებარე ერთ-ერთ სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ საპატიმროდ არის ცნობილი.
2020 წელს ნავალნი კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც ის "ნოვიჩოკით" მოწამლეს და რაშიც უფლებადამცველები FSB-ს ადანაშაულებენ. მოგვიანებით ის გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ, გამოჯანმრთელების შემდეგ რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა, რა დროსაც ის დააკავეს.
ნავალნი 47 წლის იყო.
ცნობისთვის, რუსეთში 17 მარტს საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, რომელშიც ვლადიმირ პუტინი მორიგი ვადით გამარჯვებას და 2030 წლამდე საპრეზიდენტო მანდატის გახანგრძლივებას აპირებს.