რუსი ტურისტებისთვის თურქეთის ტურისტული ბაზრის დახურვის შედეგად, კურორტმა ანტალია 3 მილიარდი დოლარი დაკარგა, - ამის შესახებ ანტალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, ანტალიაში რუსი ტურისტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა, მთლიანობაში ბიზნესი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში განიხილება რუსეთდან თურქეთში საზღვარგარეთის პასპორტების გარეშე შესვლის საკითხიც.
შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა თურქეთში ჩარტერული რეისების აკრძალვის შესახებ ბრძანება გააუქმა. ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც თურქეთმა გასულ წელს რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო.

























