რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო 2024 წლის აგვისტოს ბოლოს გაიხსნება - ამის შესახებ BMG-ის თბილისის მერიის პრესსამასახურში განუცხადეს. საბაგიროს მოწყობა 50 მილიონი ლარი ჯდება და მერია მას უკვე არაერთი წელია ახორციელებს.
ახალი საბაგირო გზის სიგრძე 845 მეტრი იქნება და მასზე 21 გონდოლა იმოძრავებს. საბაგიროს საათში 1,200 ადამიანის გადაყვანა შეეძლება და მის შედეგად მთაწმინდის პარკის და ფუნიკულიორის ტურისტული მიმზიდველობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
თბილისის მერიამ მთაწმინდის საბაგიროს პროექტის განხორციელება 2012 წელს დაიწყო, თუმცა ის არაერთხელ შეიცვალა, რაც ტექნიკურ სირთულეებს და პროექტის აღწერილობის არაერთ ცვლილებას უკავშირდებოდა. პროექტის განხორციელება იმ სახით, რა სახითაც ახლა მიმდინარეობს 2022 წლის სექტემბერში დაიწყო.
საბაგირო გზაზე დასრულებულია ანძების მონტაჟი და ზედა სადგურის კონსტრუქციის მოწყობა. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ქვედა სადგურის ბაქნის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები. თბილისის მერიაში BMG-ის განუცხადეს, რომ ქვედა სადგურის ისტორიული შენობის რეკონსტრუქციას კომპანია დაგი ახდენს, მთლიანად საბაგიროს პროექტს კი საერთაშორისო Doppelmayr-ი აშენებს.
რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო 1959-1990 წლებში ფუნქციონირებდა, შესაბამისად 34 წელია რუსთაველის გამზირსა და მთაწმინდის პარკს საბაგირო გზა აღარ აკავშირებს.
საბაგირო გზას ოპერირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაუწევს.