რუსთაველის 12 ნომერში შენობის მეპატრონეს სასტუმროს აშენება სურს. როგორც თამაზ გაიაშვილმა "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს Four Season Hotel-თან და Star Wood Marriot-თან. სასტუმროს დიზაინზე შენობის მეპატრონემ ინვესტორებთან ერთად, უკვე ჩაატარა კონკურსიც, მისი თქმით დიზაინი და არქიტეტურა ამ ეტაპზეც ზუსტდება.
თამაზ გაიაშვილის განცხადებით, როგორც კი მერიისგან სამშენებლო ნებართვას მიიღებენ, ადგილზე სამუშაოები დაიწყება, თუმცა მისი თქმით მერიისგან ნებართვის მიღება ჭიანურდება.
"წელს გვინდა დავიწყოთ მშენებლობა, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია მერიის პასუხზე და ნებართვაზე. არც ისე იოლია ნებართვების მიღება მერიაში, გართულებულია პროცედურები, მგონი გადაწყვეტილების მიღება ძალიან უჭირთ. ეს პროექტი პრაქტიკულად 5 წელია მიმდინარეობს და ჩამოკიდებულ მდგომარეობაშია.
არქიტექტურულად თუ რამე იქნება მათი მხრიდან ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, ეგ შენობა დამწვარია და ნაწილი მისი მონგრეულია, საძირკველიც დანგრეულია", - აცხადებს გაიაშვილი.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში კი აცხადებენ, რომ მერიას აღნიშნული შენობის დიზაინზე კონკურსის გამოცხადება სურდა. „კონკურსის ჩატარების სპეციფიკა უზრუნველყოფდა პროექტის შერჩევის პროცესში საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობას და თბილისელებისთვის მისაღები პროექტის გამოვლენას“, - განმარტავენ მერიაში.
რუსთაველის 12 ნომერში მშენებლობას კომპანია Shin Takamatsu Architect & Associates Co განახორციელებს.

























