თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" გზის სამივე მონაკვეთში საკონტრაქტო პირობების გამოვლენილი დარღვევისთვის დააჯარიმა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევა მოიცავდა კონტრაქტის იმ მუხლის შეუსრულებლობას, რაც კონტრაქტორს 24 საათის განმავლობაში მუშაობას ავალდებულებდა. ინსპექტირება 27 სექტემბერს განხორციელდა, კომპანიას კი საჯარიმო წერილები 29 სექტემბერს და 1 ოქტომბერს გაეგზავნა. საერთო ჯამში 23 ივლისიდან დღემდე კომპანია 11-ჯერ დაჯარიმდა.
პირველ მონაკვეთზე, რომელიც ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე ვრცელდება, ხელშეკრულება №01.01.01/30/190 2026 წლის 10 ივლისს გაფორმდა და მისი ღირებულება 7 916 674.67 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის სამსახურის №14-01262081344 დავალებით კომპანიას სამუშაოები 24 საათში უნდა ეწარმოებინა, თუმცა 27 სექტემბერს, დილის 06:33 საათზე ჩატარებულმა ინსპექტირებამ პროცესის შეჩერება დააფიქსირა. ამის გამო კომპანიას №14-0126272416 წერილით ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-იანი ჯარიმა, 1 583.34 ლარი დაეკისრა.
მეორე მონაკვეთზე, სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე, მოქმედებს №01.01.01/30/189 ხელშეკრულება, რომლის ბიუჯეტი 5 778 105.16 ლარია. 24-საათიანი რეჟიმით მუშაობის დავალების მიუხედავად (წერილი №14-01262081376), 27 სექტემბერს, დილის 08:00 საათზე ინსპექტირებამ კვლავ დარღვევა გამოავლინა. შედეგად, №14-01262722440 ოფიციალური წერილით კომპანიას 1 155.63 ლარის ჯარიმა დააკისრეს.
მესამე მონაკვეთი თ. ჭოველიძის ქუჩიდან „მერანამდე“ (მ. კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მონაკვეთი) მოიცავს №01.01.01/30/188 ხელშეკრულებას, რომლის ღირებულებაც 6 525 272.62 ლარია. №14-01262081387 დავალების დარღვევა 27 სექტემბერს, დილის 08:09 საათზე დაფიქსირდა, რის გამოც №14-01262732486 წერილით გამოწერილმა ჯარიმამ 1 305.06 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის
კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის რეაბილიტაციის სამივე ლოტზე მუშაობს და მასთან გაფორმებული კონტრაქტის ჯამური ღირებულება 19.8 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიამ სამუშაოები 23 ივლისს 00:00-ზე დაიწყო და კონტრაქტით მისი დასრულება 100 დღეში 24-საათიან რეჟიმში მუშაობით ევალება.
გარდა "სმარტ სოლუშენისა", რუსთაველის გამზირზე რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთვება კიდევ ორი კომპანია - შპს AWARD-ი და შპს "ნიუკონსი". კომპანიები ჭოველიძის ქუჩიდან მეტრო რუსთაველამდე ტროტუარების რეაბილიტაციას განახორციელებენ, რისთვისაც მერიამ ტენდერები 14 აგვისტოს გამოაცხადა. პირველ ტენდერში 3,650,000 ლარით გაიმარჯვა კომპანია AWARD-მა, ხოლო მეორეში 3,854,000 ლარით "ნიუკონსმა".
რუსთაველის გამზირზე სამუშაოებს ახორციელებს GWP-ის კონტრაქტორიც, რომელიც ადგილზე წყალმომარაგების და კანალიზაციის მილებს ცვლის, აღნიშნულისთვის GWP 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. გარდა ამისა, ადგილზე მუშაობს "თბილისი ენერჯის" კონტრაქტორიც, რომელიც გაზმომარაგების ქსელს ცვლის, რისთვისაც კომპანია 3 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
























