თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, შესაძლო აქციებისთვის ხელის შეშლასთან კავშირში არ არის და ოპოზიციის შესაბამისი ბრალდებები უსაფუძვლოა. ამის შესახებ მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძემ განმარტა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია შენობის ფასადების განახლებით დაიწყება, რა დროსაც გამზირი გადაკეტილი არ იქნება.
“წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო - ისეა მაგათი საქმე. აქციის ჩატარება თუ უნდათ, რუსთაველის გამზირზე შენობების რეაბილიტაცია ხელს რატომ შეუშლის? არ მესმის, მაგრამ აქაც ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ჩვენ ვაპირებთ გზების გადაკეტვას. რაც აბსურდია. არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას გზების გადაკეტვა არ სჭირდება. გამზირის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპია და ქუჩის გადაკეტვა მოგვიწევს დროებით. თუმცა ეს მოხდება მას შემდეგ, რაც დასრულდება ფასადების რეაბილიტაცია”, - განაცხადა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მომდევნო წელს დაიწყება და ორი წელი გასტანს.