მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველის კინოთეატრის შენობაში სასტუმროს მოწყობა იგეგმება - პროექტის დეტალები

5fbfc7dd1a50b
ანა ჯოხაძე
26.11.20 19:35
1721
რუსთაველის თეატრის არსებულ შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. განახლებული შენობა კინოთეატრის ფუნქციას ისევ შეინარჩუნებს, თუმცა იგეგმება მისი მრავალფუნქციური დატვირთვა.

რუსთაველის კინოთეატრის შენობის რეკონსტრუქციისა და განვითარების იდეა კერძო მესაკუთრეს 2018 წლიდან აქვს, რომელსაც შენობის განვითარება, კინოს თემატიკით დატვირთული სასტუმროს მიმართულებით სურს. 2018 წელს ამ ინციატივას დიდი კრიტიკაც მოჰყვა.

როგორც არქიტექტურის სამსახურში გვეუბნებოდნენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ კერძო მესაკუთრეს შეთავაზებული ესკიზი დადებითად შეუფასა, თუმცა სამშენებლო ნებართვის მოთხოვნით, მხოლოდ 2020 წლის ნოემბერში მიმართა არქიტექტურის სამსახურს.

“რუსთაველის გამზ. #5-ში ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ესკიზი შეთანხმდა 2019 წლის 30 აგვისტოს. ესკიზი განიხილა და დადებითი რეკომენდაცია გასცა კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ. 11 ნოემბერს თბილისის არქიტექტურის სამსახურს მიმართეს განცხადებით და მოითხოვეს, ზემოაღნიშნული ესკიზის საფუძველზე დამუშავებული პროექტის შეთანხმება და სამშენებლო ნებართვის გაცემა. დღეის მდგომარეობით საკითხი განხილვის ეტაპზეა და გადაწყვეტილება მიღებული არაა”-აცხადებენ თბილისის არქიტექტურის სამსახურში.

პროექტის მიხედვით, კინოთეატრის მესაკუთრეებს არსებულ შენობაში კინოს თეატრთან ერთად სასტუმრო ნომრების მოწყობაც სურთ. უფრო კონკრეტულად ესკიზის მიხედვით, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გასულ წელს დადებითი შეფასება მისცა, რუსთაველის კინოთეატრში -1 სართულზე განთავსებული იქნება 104 ადამიანზე გათვლილი კინო დარბაზი, სველი წერტილები და ვესტიბიული.

0 სართულზე ასევე იქნება ცენტრალური კინო დარბაზი, რომელიც 165-170 ადამიანს დაიტევს. ამავე სართულზე მომხმარებლები შეძლებენ კინო-მუზეუმით, კაფის ფუნქციით დატვირთული კინო ბიბლიოთეკით სარგებლობას, ასევე აქვე განთავსებული იქნება რესტორანიც.

1,2,3,4,5 სართულებზე იქნება სასტუმროს ნომრები, განთავსებული თავისი დამხმარე ფართებით. მე-4 სართულზე კი დაემატება კინო-ბარი, ლაუნჯი და ტერასა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები