მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველის რეაბილიტაციაში ორი კომპანია ერთვება - მერიამ ₾7.5-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

რუსთაველი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაში ორი ახალი კომპანია - შპს AWARD-ი და შპს "ნიუკონსი" ერთვებიან - ამის შესახებ თბილისის მერიის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმიდან ხდება ცნობილი.

კომპანიები ჭოველიძის ქუჩიდან მეტრო რუსთაველამდე ტროტუარების რეაბილიტაციას მოახდნენ, რისთვისაც მერიამ ტენდერები 14 აგვისტოს გამოაცხადა. პირველ ტენდერში 3,650,000 ლარით გაიმარჯვა კომპანია AWARD-მა, ხოლო მეორეში 3,854,000 ლარით ნიუკონსმა. ორივე ტენდერის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 7.8 მილიონ ლარს, ხოლო გამარჯვებულების მიერ დაფიქსირებული საერთო ფასი 7.5 მილიონ ლარს შეადგენს.

არსებული მდგომარეობით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე კომპანია "სმარტ სოლუშენსი" მუშაობს, რომელმაც სამუშაოები ნოემბრამდე უნდა დაასრულოს. თავის მხრივ, კომპანიის დირექტორმა, ლევან გოგსაძემ BMG-ის ჯერ კიდევ 29 ივლისს განუცხადა, რომ სავარაუდოდ პროექტის 100-დღიან ვადაში დასრულება ვერ მოესწრება.

პარალელურად, კომპანია GWP რუსთაველის გამზირზე სასმელი წყლის და კანალიზაციის ინფრასტრუქტურასაც ცვლის, რაშიც 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს, 00:00 საათიდან დაიწყო. გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვლინდა. კონტრაქტორად ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსი" შეირჩა. სავარაუდო ფასის - 19,954,650 ლარის ნაცვლად, კომპანიამ სამუშაოების შესასრულებლად 19,772,982 ლარი მოითხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები