მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსთაველის რეაბილიტაციის დროს, იქ არსებულ კომერციულ ფართებზე ფასები შემცირდება“ - Sakura Properties

რეაბილიტაცია

2024 წლიდან “თბილისის განვითარების ფონდი” რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რომელიც, სავარაუდოდ, 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განმარტა, საპროექტო სამუშაოების ტენდერი იანვრიდან გამოცხადდება, სამუშაოები კი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

რა გავლენას იქონიებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო, კვების თუ სასტუმრო ობიექტებზე? - ამ კითხვაზე საპასუხოდ Sakura Properties-ში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის დროს მოსალოდნელია მომხმარებელთა რაოდენობის კლება, რაც კომერციული ფართების ფასებს შეამცირებს.

თუმცა, როგორც კომპანიის რითეილ უძრავი ქონების სპეციალისტმა რევაზ მგალობლიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სავარაუდოა, რომ ფასები 15-20%-მდე გაიზრდება.

„ჭავჭავაძეზე რეაბილიტაციის დროს ცხადია მოიკლო მომხმარებელთა რაოდენობამ და ეს აისახა ნავაჭრზე, რამაც გამოიწვია ფასების კლება. თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ დაუბრუნდა საწყის ნიშნულს და უფრო მეტადაც გაიზარდა ფასი.

რეაბილიტაციის პოზიტივია ისიც, რომ ის აისახება პარალელურ ქუჩებზე. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჭავჭავაძის რეაბილიტაციის დროს მიმდებარე ქუჩებზე გადაინაცვლა ვაჭრობამ. კავსაძე, თაქთაქიშვილი, აბაშიძე, ფალიაშვილი, აქ მოთხოვნის უფრო გაიზარდა. თუ რეაბილიტაციამდე კვ.მ-ის ფასი 20$ იყო, გახდა 25-30$. იმის გამო, რომ მოთხოვნა მიწოდებაზე დიდია, რეაბილიტაციის შემდეგ ეს ქუჩები კვლავ მოთხოვნადად დარჩა.

რუსთაველზეც იგივეა მოსალოდნელი, პროცესი მტკივნეული იქნება, მანქანით მოსიარულეთა რიცხვი შემცირდება, დანახარჯი ნაკლები იქნება. მოიჯარესა და მეიჯარეს შორის იქნება საშეღავათო პერიოდი იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ერთმანეთი, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ალბათ ფასი არსებულთან შედარებით 15-20%-ით კიდევ გაიზრდება.

ყველაზე მტკივნეულად პროცესები ჰორეკა სექტორზე აისახება. კვების ობიექტებს უმეტესობას მოგეხსენებათ გარეთ დასაჯდომი აქვს და რეაბილიტაციის დროს არ მგონია ვინმეს მოუნდეს ამ სივრცეში ყოფნა“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.

Sakura Properties-ის მონაცემებზე დაყრდნობით, სავაჭროდ აქტიურ ქუჩებზე არსებული კომერციული სივრცეების 95% ათვისებულია. ფასები კი 30-იდან 65$-ის ფარგლებში მერყეობს.

„ყველაზე ძვირი ლესელიძე, რუსთაველზე და შემდეგ მოდის ჭავჭავაძე.

მოთხოვნადი ქუჩები რომ ავიღოთ, არა მხოლოდ რუსთაველი, არამედ იგივე ჭავჭავაძე, პეკინი, ვაჟა ფშაველა, ყაზბეგი, ყველგან არის აქტიური და მკვდარი ზონები. შეიძლება ერთგან 60-65$ იყოს კვ.მ-ის ფასი და 50 მეტრში 30$“, - განაცხადა რევაზ მგალობლიშვილმა.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარია განსაზღვრული, საიდანაც 60 მილიონი შენობების რეაბილიტაციისთვის, 30 მილიონი კი საგზაო ნაწილის მოწყობისთვის დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები