მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველზე 201-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა გაცემულია - ინვესტორი თამაზ გაიაშვილია

პროექტი

თბილისში, რუსთაველის გამზირის 12 ნომერში, ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და კაზინო მოეწყობა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის მიხედვით, პროექტზე სამშენებლო თანხმობა უკვე გაცემულია. ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონ დოლარამდე იქნება.

უძრავი ქონება 3,493 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. ქონების მესაკუთრეა შპს “მარილი 2020”, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი მესაკუთრე “ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელი პარტნიორი თამაზ გაიაშვილია. ამჟამად არსებულ ნაგებობაში ამავე ავიაკომპანიის სათავო ოფისი არის განთავსებული.

განმარტებითი ბარათის თანახმად, შენობა ლესია უკრაინკას ქუჩის მიმართულებით გაფართოვდება და ის კვადრატული ფორმის მიწის ნაკვეთის სრულ სივრცეს დაიკავებს, რისთვისაც ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობის უკან მდებარე მცირე ზომის ნაგებობის დემონტაჟი უკვე განხორციელდა.

შენობა რუსთაველის გამზირის მხრიდან არსებულ ისტორიულ იერსახეს შეინარჩუნებს, ხოლო ლესია უკრაინკას ქუჩაზე გაფართოვდება იმავე სტილის ნაგებობით, რათა ახალი ნაგებობა მის ისტორიულ იერსახესთან იყოს შესაბამისობაში. მთლიანობაში შენობას 11 სართული ექნება, მათ შორის 3 მიწისქვეშ განთავსდება და 23,323 კვადრატულ მეტრს დაიკავებს. წინა პროექტით შენობას 10 სართული უნდა ჰქონოდა, ასევე პირვანდელი პროექტით სასტუმროს 194 ნომერი უნდა ჰქონოდა, თუმცა ის 201 ნომრამდე გაიზარდა.

ახალ ნაგებობის შუაში წრიული ფორმის შიდა ეზო განთავსდება. ახალ კომპლექსში კაზინოს გარდა კომერციული ფართებიც მოეწყობა, ასევე შენობის სახურავზე მოეწყობა 118 კვადრატული მეტრის ფართობის აუზიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები