მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველზე დაიწყო საახალწლო სამზადისისთვის საჭირო სამუშაოები - კალაძე

თბილისის მერია

თბილისის მერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისისთვის საჭირო სამუშაოები და დაიდგა მთავარი ნაძვის ხე. მისივე თქმით, დაუშვებელია, კითხვის ნიშანი დაისვას მშვიდობასა და ქვეყნის განვითარებაზე.

„დღეიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები. რასაკვირველია, თბილისი ისევ იქნება გამორჩეული საახალწლოდ მორთული ქალაქი, რომლის სანახავადაც ბოლო წლებია უამრავი ტურისტი გვსტუმრობს, უამრავი ადამიანი რეგიონებიდან ჩამოდის. რაც მთავარია, ჩვენს პატარებს ისევ ექნებათ შესაძლებლობა, იზეიმონ და ბედნიერები შეხვდნენ ახალ წელს. თქვენ წარმოიდგინეთ, საომარი მოქმედებების დროსაც კი დგამენ ნაძვის ხეს და უქმნიან პატარებს საახალწლო განწყობას. არანაირი კითხვის ნიშანი არ შეიძლება დაისვას მშვიდობაზე და ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ კი ყველამ ერთად უნდა ვუსურვოთ გამარჯვებები ამ ქალაქს და ამ ქვეყანას, რადგან საერთო გამარჯვების გარეშე წარმატება შეუძლებელია.

მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა მოუტანეს საქართველოს და ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ ვნახეთ სახალხო ზეიმი თბილისის ქუჩებში - ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ოლიმპიელების, პარალიმპიელების გამარჯვებები, UFC (იუ ეფ სი)-ს ორი ჩემპიონი, სპორტის სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული ისტორიული შედეგები.

წარმატებები გვქონდა არა მხოლოდ სპორტში, სულ ახლახან, მაგალითად, პატარა ანდრია ფუტკარაძემ გაახარა საქართველო და მოუტანა მას საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი, რაც ძალიან მაგარია. ვისურვოთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი გახდეს საქართველოსთვის. ჩვენი საახალწლო გზავნილიც სწორედ ეს იქნება - „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“! ამ სლოგანის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ამდენი გამარჯვების მოწმენი გავხდით,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისში პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხის სამონტაჟო სამუშაოები გამთენიისას მას შემდეგ დაიწყეს, რაც იქ პროევროპული აქცია დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები