მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსთავი 2-ის" დირექტორი ბაკურ ბაკურაძე გახდა

ბაკურ ბაკურაძე

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" ახალი დირექტორი ჰყავს. "მედია ჰოლდინგის" ახალ ხელმძღვანელად რეჟისორი ბაკურ ბაკურაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია თავად რუსთავი2-მა დაადასტურა.

მათივე ცნობით, ის თანამშრომლებს არხის ყოფილმა დირექტორმა, ვაკო ავალიანმა წარუდგინა, რომელიც საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.

ვის ეკუთვნის ტელეკომპანია?

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ლიცენზიით ბაზარზე კომპანია “მედია ჰოლდინგი” ოპერირებს. საქმე ისაა, რომ წარსულში რუსთავი 2-ის ლიცენზიით თავად სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ოპერირებდა, თუმცა “რუსთავი 2-მა” 2021 წელს კომპანია “პრაიმ ტაიმთან” ერთად დააფუძნა სს “მედია ჰოლდინგი”. კომპანიაში რუსთავი 2-ის წილი 10%-ს, “პრაიმ ტაიმის” წილი კი 90%-ს შეადგენს. კომპანია “პრაიმ ტაიმში” 50%-50%-იანი წილები ეკუთვნით თამარ ფხაკაძეს და გიორგი ქუთათელაძეს.

თავად გიორგი ქუთათელაძე დაკავშირებულია "ჯორჯიან მანგანეზის" ჰოლდინგთან და მასთან დაკავშირებულ ფირმებში ფიგურირებს. თავად ჯორჯიან მანგანეზი 2017 წლიდან სახელმწიფო სპეციალური მართვის ქვეშ იმყოფება. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის თანამდებობას, მას შემდეგ რაც არხი 2019 წლის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა პაატა სალია იკავებდა. ამჟამად სალია ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრია.

შემოსავლების სამსახურის თანახმად, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე მნიშვნელოვანი საგადასახადო დავალიანება აქვს. 2025 წლის მდგომარეობით არხის ვალი ბიუჯეტის წინაშე 25მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური ანგარიშის თანახმად, რაც 2023 წელს ასახავს, ტელევიზიას წლის განმავლობაში 31 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, ტელევიზია წლიდან წლამდე ზარალზეა და ის დამფუძნებლებთან დაკავშირებული კომპანიების ვალებით ფინანსდება.

  • “რუსთავი 2”-ის შემოსავალი 2023 წელს - 14,288,062 ლარი, ზრდა წინა წელთან 40%;
  • “რუსთავი 2”-ის ზარალი 2023 წელს - 31,002,413 ლარი, ზარალის ზრდა წინა წელთან 18%;
  • “რუსთავი 2”-ის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი - 72,229,175 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები