მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთავი 2"-ის ჰოლდინგურ კომპანიას ზარალი გაეზარდა

რუსთავი 2

სააქციო საზოგადოება “მედია ჰოლდინგი” ბაზარზე ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის ბრენდით და მედიაპორტალ “პრაიმ ტაიმით” ოპერირებს. კომპანიამ 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ჰოლდინგის შემოსავალმა 10.17 მილიონ ლარს მიაღწია (ზრდა 812 ათასი ლარი), თუმცა გაიზარდა კომპანიის მთლიანი ზარალიც და ის 2021 წელს არსებული 14.9 მილიონი ლარიდან, 26.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

აუდიტირებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ტელეკომპანიამ გასულ წელს 25.6 მილიონი ლარის ხელფასები გასცა, ამასთანავე საერთო და ადმინისტრაციულმა ხარჯებმა 13.8 მილიონი ლარი შეადგინა.

“სს „მედია ჰოლდინგი“ დაფუძნდა 2021 წლის 12 თებერვალს. კომპანიის აქვს გამოშვებული 100 აქცია, თითოეული ნომინალის (1 ლარი) ფასად, შესაბამისად, კომპანიის სააქციო კაპიტალი შეადგენს 100 ლარს. გამოშვებული 100 აქციიდან 10 აქციას (10%) ფლობს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, ხოლო 90 აქციას (90%) ფლობს შპს „პრაიმ თაიმ“. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობაა 771 თანამშრომელი (2021: 660).

2022 წელს სს ,,მედია ჰოლდინგ“-ის საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავლებმა შეადგინა 10 172 171 ლარი, ხოლო საოპერაციო და არასაოპერაციო ხარჯებმა შეადგინა 36 511 797 ლარი, ზარალმა შეადგინა 26 339 626 ლარი,

2022 წელს სს ,,მედია ჰოლდინგ“-ს სარეკლამო დროის გაყიდვებზე ექსკლუზიური უფლებით მომსახურებას უწევდა შპს „დი ეი სი კაპიტალი“, რომლის შემოსავლიდანაც განისაზღვრებოდა მედია ჰოლდინგის შემოსავალი პროცენტულად”- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, მედია ჰოლდინგმა ხარჯები მიღებული სესხებით დააბალანსა. თუკი 2021 წლის ბოლოს ჰოლდინგს 14.4 მილიონი ლარის სასესხო ვალდებულებები ჰქონდა, 2022 წლის დეკემბრისთვის სესხების მოცულობამ 40.6 მილიონი ლარი შეადგინა.

“სესხების ძირითადი ნაწილი მიღებულია ადგილობრივი იურიდიული პირისაგან, რომელიც არ არის დაკავშირებული მხარე. მიღებული სესხები არის მოკლევადიანი, მათი ნაწილი ნომინირებულია ეროვნულ ვალუტაში 1.817.200 ლარი (2021: 1.817.200 ლარი), ხოლო ნაწილი ნომინირებულია უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი),”- ნათქვამია დოკუმენტში.

კომპანიას გააჩნია 74 მილიონი ლარის აქტივები, 47 მილიონი ლარის ვალდებულებები და 41 მილიონი ლარის დაგროვილი ზარალი. 

“რუსთავი 2” ერთადერთი მსხვილი მაუწყებელი არაა, რომელიც ზარალზე მუშაობს, მსგავსი სისტემური ზარალი აქვს წლიდან წლამდე ტელეკომპანია “იმედსაც”. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები