მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსთავი ალკომ“ ლუდის წარმოება დაიწყო - რა გეგმები აქვს კომპანიას?

მოსვი

რუსთავში ახალი ადგილობრივი ლუდის მწარმოებელი კომპანია „რუსთავი ალკო“ გამოჩნდა, რომელიც ბრენდის "მოსვი ლუდი" სახელით პოზიციონირებს. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ვარდიშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ საწარმოში დაახლოებით 100 000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ამ ეტაპზე წარმოების მოცულობა თვეში დაახლოებით 7-8 ტონაა.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, ბიზნესის შექმნის იდეა რუსთავში ადგილობრივი ლუდის წარმოებას და ბაზარზე ხელნაკეთი ლუდის შეთავაზებას უკავშირდებოდა.

„იდეა ის იყო, რომ რუსთავში ადგილობრივი ლუდი წარმოება ყოფილიყო. გვახსოვს, რომ აქ „ყაზბეგის“ ქარხანა იყო, რომელიც დღეს აღარ არსებობს და გვინდოდა, რუსთაველებისთვის ისევ შეგვეთავაზებინა ადგილობრივი ლუდი. ამიტომ ჩამოვიტანეთ შესაბამისი დანადგარები, ავაშენეთ შენობა და დავიწყეთ წარმოება“, - ამბობს გიორგი ვარდიშვილი.

მისი თქმით, „რუსთავი ალკოს“ პროდუქტი ე.წ. კრაფთ ლუდის პრინციპით მზადდება და წარმოებისას კომპანია ცდილობს, ლუდმა ბუნებრივი პროცესები სრულად გაიაროს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ლუდს ის დრო მივცეთ, რაც რეალურად სჭირდება. არ ვიყენებთ გაფილტვრის მეთოდს და არ ვაჩქარებთ პროცესს მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო დიდი რაოდენობა მივიღოთ. ბუნებრივად დავარგებას თავისი დრო აქვს და ამ ეტაპზე სწორედ ამ მიდგომას მივყვებით. შეიძლება დაჩქარებული მეთოდებით მეტი პროდუქტი მიიღო, მაგრამ ჩვენთვის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

„რუსთავი ალკო“ ბაზარზე დაახლოებით ორი თვის წინ გამოჩნდა. ამ ეტაპზე პროდუქტის შეძენა უშუალოდ საწარმოდან და რუსთავში არსებული ერთი მაღაზიიდან არის შესაძლებელი. კომპანია პროდუქციას თბილისშიც აწვდის, თუმცა ძირითადი აქცენტი ჯერჯერობით რუსთავის ბაზარზე აქვს.

„ჯერ ძალიან ახალი დაწყებული გვაქვს გაყიდვები და ვაკვირდებით, სად და როგორ იღებს მომხმარებელი ჩვენს პროდუქტს. ყველაზე კარგი უკუკავშირი უშუალოდ საწარმოდან გაყიდვაზე გვაქვს. მომხმარებელი მოდის, პირდაპირ იმ რეზერვუარიდან იღებს ლუდს, სადაც მისი დავარგების პროცესი დასრულებულია, და ამას სხვა გამოცდილებად აღიქვამს. როცა პროდუქტი უკვე კეგში ისხმება, გადაადგილდება და შემდეგ სხვა მაცივარში ხვდება, ბუნებრივია, საბოლოო გამოცდილებაც იცვლება“, - ამბობს ვარდიშვილი.

„რუსთავი ალკოს“ 1 ლიტრი ლუდის ფასი ამჟამად 7 ლარია. როგორც დამფუძნებელი ამბობს, მომხმარებლების ნაწილი ფასს ძვირად მიიჩნევს, თუმცა კომპანიისთვის მისი შემცირება მხოლოდ ფასის ცვლილებას არ უკავშირდება.

„ხარისხის შენარჩუნებით ფასის მნიშვნელოვნად დაწევა რთულია, რადგან ნედლეულის გარდა ენერგიის ხარჯი გვაქვს, წარმოების პროცესიც საკმაოდ ხანგრძლივია და ზოგჯერ თვე-თვენახევარი გვიწევს ლოდინი, სანამ პროდუქტი საჭირო მდგომარეობამდე მივა. შეგვიძლია წარმოების დაჩქარებით ერთ თვეში უფრო მეტი ლიტრი გამოვუშვათ და ერთეულზე მარჟაც შევამციროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ხარისხის საკითხი დგება. ამიტომ, ამ ეტაპზე 7 ლარი ის ფასია, რომლითაც მუშაობას ვახერხებთ“, - აღნიშნავს გიორგი ვარდიშვილი.

წარმოებაში გამოყენებულ ნედლეულს კომპანია საქართველოში მოქმედი იმპორტიორებისგან ყიდულობს. დამფუძნებლის ინფორმაციით, საჭიროების მიხედვით გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ნედლეული, მათ შორის გერმანული და ბელგიური წარმოების. ამ ეტაპზე, კომპანიაში უშუალოდ სამი ადამიანი არის ჩართული, თუმცა წარმოების ზრდასთან ერთად გუნდის გაფართოებასაც გეგმავენ.

„ჯერჯერობით ჩვენი მოცულობა იმდენად დიდი არ არის, რომ ბევრი თანამშრომელი გვჭირდებოდეს. ფაქტობრივად, მე და ჩემი მეგობარი ვმართავთ პროცესს და კიდევ ერთი ადამიანი გვეხმარება. მომავალ წელს, თუ წარმოება გაიზარდა, ერთი-ორი ადამიანის დამატება უკვე დაგვჭირდება, მით უმეტეს, რომ პარალელურად სხვა საქმიანობაც მაქვს და საწარმოში მუდმივად ყოფნა რთულია“, - ამბობს ვარდიშვილი.

კომპანიის უახლოესი გეგმა რუსთავის ბაზარზე გაფართოებაა. ამ ეტაპზე განიხილება ახალ რუსთავში დამატებით სარეალიზაციო ობიექტებში შესვლა და საკუთარი მაღაზიის გახსნაც.

„ახლა, ჩვენი მთავარი მიზანი რუსთავში უფრო ფართოდ წარმოდგენაა. ძველ რუსთავში უკვე გვაქვს ერთი მაღაზია, სადაც ჩვენი პროდუქტი იყიდება და გვინდა, ახალ რუსთავშიც შევიდეთ. ასევე ვფიქრობთ, რომ მომავალში საკუთარი მაღაზია გავხსნათ, თუმცა ჯერ კონკრეტული ადგილი შერჩეული არ გვაქვს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

პარალელურად, კომპანია მიტანის სერვისის ამოქმედებაზეც მუშაობს და Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმებზე დამატებას გეგმავს. როგორც ვარდიშვილი ამბობს, კომპანიებმა უკვე მიიღეს ოფიციალური მიმართვა და პასუხს ელოდებიან.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას სხვა სარეალიზაციო ობიექტებიდანაც აქვს შეთავაზებები, თუმცა ამ ეტაპზე წარმოების მოცულობა გაფართოების მასშტაბურ გეგმებს ზღუდავს.

„გვქონდა შემოთავაზება თბილისშიც, თუმცა ახლა მაინც რუსთავზე ვართ კონცენტრირებული. ჩვენი წარმადობა ჯერ არ არის ისეთი, რომ დიდი გეოგრაფია მოვიცვათ და ყველა მიმართულებით გავიდეთ. ჯერ გვინდა, აქ გავძლიერდეთ, მოთხოვნა ვნახოთ და შემდეგ, წარმოების ზრდასთან ერთად, სხვა ბაზრებზეც ვიფიქროთ“, - აცხადებს გიორგი ვარდიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები