თბილისის მერია გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე 3.367 მლნ ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას გეგმავს, რომელიც რუსთავი-ორთაჭალის დამაკავშირებელი ჩქაროსნული გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას ითვალისწინებს.
შესყიდვა მოიცავს მონაკვეთს „მოსაბრუნებელი ხიდიდან გ. გულუას ქუჩამდე“, სადაც დაგეგმილია ნაპირდამცავი კედლისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების შესრულების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 27 მარტიდან 27 ივლისამდე პერიოდი.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანდა მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ნაგებობა და ჯებირები, ასევე დაფიქსირდა ასფალტირებული ტროტუარის დაახლოებით 35-40 მეტრიანი მონაკვეთის დაზიანება და სხვადასხვა მიმართულების ნაპრალები. არსებული ნაპირდამცავი კედელი გადახრილია ვერტიკალური მდგომარეობიდან და ნაწილობრივ დაკარგული აქვს ფუნქცია.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარებული შეფასების მიხედვით, დაზიანება განპირობებულია მდინარის ეროზიული ზემოქმედებითა და ატმოსფერული ნალექებით, რამაც გამოიწვია ნაგებობის საფუძვლის გამორეცხვა და კონსტრუქციული მდგრადობის დარღვევა .
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ გაზაფხულის წყალმოვარდნების პერიოდში არსებობს დაზიანების გაღრმავების რისკი, რაც საფრთხეს შეუქმნის როგორც ქვეითთა გადაადგილებას, ასევე საავტომობილო გზის ფუნქციონირებას.
მერიის განმარტებით, გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების პირველადი ნიშნები მოულოდნელად გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი კაპიტალური ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობა, რომელიც უნდა დაფუძნდეს ძირითად ქანებზე და შესრულდეს საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევების საფუძველზე.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში არსებობს მუნიციპალური ქონების დაზიანებისა და ქალაქში უსაფრთხო გადაადგილების შეფერხების რისკი.





























