მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსთავის ფოლადი": თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ფოლადის ბიზნესზე ძალიან ცუდად აისახება

5c49b721df123
ელენე ჩომახიძე
24.01.19 18:13
2023
„რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოადგილის არჩილ მელიქიძის განცხადებით, საქართველოში მოქმედი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, ისევე როგორც სხვა არაერთი მსხვილი მწარმოებლისთვის, „რუსთავის ფოლადისთვისაც“ პრობლემას წარმოადგენს და ძალიან ცუდად აისახება „თუნდაც ფოლადის ბიზნესზე“.

მისი შეფასებით, საქართველოში რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი მოქმედებს.

„რეგიონის მასშტაბით, საქართველო არასიმეტრიულ მდგომარეობაშია. რეგიონის სხვა ქვეყნებს სხვადასხვა მეთოდებით, ძირითადად კი, არაოფიციალური და არაფორმალური მეთოდებით დაცული აქვთ საკუთარი ბაზარი მაშინ, როცა საქართველოს ბაზარი აბსოლუტურად თავისუფალია. ჩვენ მომხრე ვართ თავისუფალი ვაჭრობის, მაგრამ სიტუაცია უნდა იყოს სიმეტრიული. არ შეიძლება, მაგალითად, აზერბაიჯანი ყველანაირად ზღუდავდეს ქართული პროდუქციის მის ბაზარზე შესვლას მაშინ, როცა თვითონ შეუფერხებლად შემოაქვს საქართველოში პროდუქცია. სამწუხაროდ, ეს საკითხი ჯერ არ არის დარეგულირებული“, - აცხადებს მელიქიძე BM.ge-თან.

არჩილ მელიქაძის განცხადებით, სხვა მსხვილ მწარმოებლებთან ერთად „რუსთავის ფილადს“ აქტიური დიალოგი აქვს მთავრობასთან ანტიდემპინგურ კანონთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რუსეთში პროდუქციის ექსპორტს ვერ ახორციელებენ, უკრაინაში კი, თეორიულად შესაძლებელია ექსპორტზე პროდუქციის გატანა, თუმცა რამდენიმე სახელმწიფო ტენდერის მოგების შემდეგ, ტენდერი ქვეყანაში გააუქმეს.

მელიქაძის თქმით ძალიან რთულია ირანში ექსპორტიც, რადგან ყოველ შეტანაზე ლიცენზირებისთვის ორთვიანი პროცედურის გავლა სჭირდებათ.

„აი, ასეთი შეზღუდვები აქვთ რეგიონის ქვეყნებს, ჩვენ კი არაფერი არ გვაქვს, რაც არამომგებიან მდგომარეობაში გვაყენებს“, - აცხადებს „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები