მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსთავის მერიას ზღვრულ ოდენობაზე მეტი ავტომანქანა ჰყავს"

5c83a7ee77bd1
ელენე გოგბერაშვილი
09.03.19 16:10
2275
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ რუსთავის მერიის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტმა დაადგინა, რომ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მუნიციპალიტეტში აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.

გარდა ამისა დადგინდა, რომ სამორიგეო და პერსონალური ავტომანქანის გარდა, მუნიციპალიტეტი საწვავს ყოველთვიურად გასცემდა საჯარო მოსამსახურეების სარგებლობაში არსებულ ავტომანქანებზე. კერძო ავტომანქანების მფლობელები ზოგჯერ საწვავს იყენებდნენ არასამსახურებრივი დანიშნულებით.

2016-2017 წლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მიზანშეწონილი იყო 8 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა.

2016 წელს მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 12 სამორიგეო ავტომანქანით, ხოლო 2017 წელს - 11 სამორიგეო ავტომანქანით.

ხარვეზი დაფიქსირებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული წინა აუდიტის ანგარიშშიც. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებული ნაკლოვანება არ გამოუსწორებია.

სამორიგეო და გაპიროვნებული ავტომანქანების გარდა, მუნიციპალიტეტი (შესაბამისი პასუხისმგებელი პირები) 2016 წელს საწვავს ყოველთვიურად გასცემდა საჯარო მოსამსახურეების მფლობელობაში არსებულ 58-62 ავტომანქანაზე, ხოლო 2017 წელს – 46-65 ავტომანქანაზე.

წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტმა 2016-2017 წლებში მსუბუქ ავტომანქანებზე დახარჯა 392.1 ათასი ლარის ღირებულების 244.9 ტონა საწვავი. მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაცემულია 163.8 ტონა საწვავი (67%), ღირებულებით 261.9 ათასი ლარი.

ავტომანქანების საწვავით გამართვის მონაცემების შესწავლით გამოვლინდა შემთხვევებიც, როცა კერძო ტრანსპორტის მფლობელებმა საწვავი ჩაასხეს ისეთ მიმართულებით გადაადგილებისას, რომლებიც არ უკავშირდება სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. მაგალითად, კერძო ავტომანქანის მფლობელ მოხელეს, ყოველთვიურად გამოეყოფოდა 150 ლიტრი საწვავი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები