მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის ნავთობროდუქტების წარმოება "სერპენსი" მუშაობას გაზრდილი სიმძლავრითა და ახალი სახელით აახლებს

63d2830183946
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.23 18:00
3067
დღეს, რუსთავში, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ამერიკული სტანდარტებით აგებული საწარმო “რუსთავოილის” ახალი ბრენდის პრეზენტაცია შედგა. რებრენდინგის შედეგად, იგი დღეიდან “სერპენსის” სახელით განაგრძობს ოპერირებას.

თანამედროვე სტანდარტების მქონე მაღალტექნოლოგიური ნავთობპროდუქტების გადამმუშავებელი საწარმოს პირველი ეტაპის მშენებლობა 2019 წელს დასრულდა, რის შედეგადაც იგი დღემდე პარტნიორებს უმაღლესი ხარისხის ბიტუმის მიწოდებას სთავაზობდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული იდეის გაჩენა რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ისტორიულად, საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია იყო, რომელიც თავისთავად მძლავრი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არსებობას მოითხოვდა. საგზაო ინფრასტრუქტურისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ბიტუმი, რომელიც აქამდე სრულად იმპორტირებულ ნედლეულს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნული იდეის განხორციელება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, კომპანიას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რუსთავის სამრეწველო ზონაში 10 ჰა-მდე ტერიტორია პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა, ხოლო კომპანიის მიერ ჯამურად დაახლოებით 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

რებრენდიგთან ერთად საწარმომ საცავების საერთო მოცულობას 20 000 ტონამდე გაზარდა, რის შედეგადაც იგი პარტნიორებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. იზრდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სიმძლავრეებიც და 8-ის ნაცვლად 32 ვაგონ-ცისტერნის ერთდროულად მიღება, დაცლა და დატვირთა იქნება შესაძლებელი.

„მოგეხსენებათ, ბიტუმი ასფალტის წარმოების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და მეტწილად განსაზღვრავს გზების ხარისხს. ჩვენი საწარმო წარმოადგენს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ წარმოებას, რკინიგზის ჩიხით, ნედლეულის მიღების და მისი დიდი მოცულობით დასაწყობების ინფრასტრუქტურით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კონკურენტუნარიან ფასად ვაწარმოოთ ევროსტანდარტის შესაბამისი პროდუქცია. ჩვენთან იწარმოება სხვადასხვა რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისი ექვსი მარკის ბიტუმი, რაც ასფალტის ხარისხს და მის ექსპლუატაციის ვადას საგრძნობლად ზრდის. საწარმოს აქვს საშუალება, საქართველოს ნებისმიერ წერტილში ასფალტის მწარმოებელს შეუფერხებლად მიაწოდოს ბიტუმი, გამოყენებისთვის ოპტიმალურ კონდიციაში, შეკვეთიდან 1-7 საათის განმავლობაში“, - აღნიშნა ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა „სერპენსის“ წარმომადგენელმა ირაკლი გოგოლაძემ.

ცნობისთვის: საწარმოში დღეისათვის 70-მდე ადამიანი ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებულია. გარდა ამისა, იგეგმება ათამდე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტის ჩამოყვანა, რომელთა უშუალო ჩართულობით საწარმოს თანამედროვე სტანდარტებით ექსპლუატაცია განხორციელდება.

ასევე, უახლოეს პერიოდში ქარხანა დაიწყებს მაზუთის გადამუშავებას, რის შედეგადაც საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი - საბაზო ზეთებით, გაზოილით, გუდრონით და სხვა ნავთობროდუქტებით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები